თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მეორე ნაწილთან დაკავშირებით იმ ინტერპრეტაციას დავიჯერებთ, რომელიც მმართველი გუნდისგან გვესმის, მაშინ გაუგებარია, საერთოდ რატომ მოვაწერეთ ხელი, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებული შეთანხმების ტექსტი ბუნდოვანი იყო იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ანგარიშის გაწევა მომხდარიყო და გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელად სივრცე ჰქონოდა.
„ფაქტია, რომ შეთანხმებას ჰქონდა ორი ნაწილი. ერთი ნაწილი არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის ბედიც ახლა გაურკვეველია და ამ ეტაპზე ჩემი მთავარი ამოცანა უკვე არის ის, რომ ეს მაინც შესრულდეს. რაც შეეხება შეთანხმების მეორე ნაწილს, თუ იმ ინტერპრეტაციას დავიჯერებთ, რასაც ვისმენთ უმრავლესობის მხრიდან, მაშინ აზრი არ ჰქონდა, რისთვის დავდეთ? ეს ბუნდოვანი ტექსტი რა საჭირო იყო და ხელი რატომ მოვაწერეთ? ვის რაში სჭირდებოდა? ტექსტი იყო ბუნდოვანი იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის მაქსიმალური ანგარიშის გაწევა მომხდარიყო, მათი კუთხეში მიყენება არ მომხდარიყო და მათთვის სივრცე მიეცათ, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაედგა იმ საქმეებზე, რომელმაც უკვე გააჩინა კითხვის ნიშნები 8 მარტის მომენტისთვის, და თავიდან აგვეცილებინა სხვა დაპატიმრებები და საქმეები, რომელიც კიდევ უფრო დამატებით დამძიმებას გამოიწვევდა პოლიტიკური სიტუაციის და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულების ჩვენს მიმართ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 8 მარტს, ხელისუფლებასა ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება 2 ნაწილს მოიცავდა - საარჩევნო სისტემის ცვლილების და დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლების შესახებ. შეთანხმებიდან ორი თვის თავზე, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს და მსგავსი ჩანაწერი დოკუმენტში არ არსებობს. აღნიშნულს ოპოზიცია სიცრუეს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ „ოცნება“ შეთანხმების ორივე პუნქტს არ შეასრულებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ პოლიტპატიმრებზე საუბარი იყო ამერიკის სენატსა და კონგრესში გაკეთებულ განცხადებებშიც. საერთაშორისო პარტნიორებმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირეს იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება აუცილებელია.