"არ შეიძლება, კონსტიტუციას ბოროტად იყენებდე, როგორც გაწყობს, ისე განმარტავდე და ისე ხდებოდეს ამის გამოყენება, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი", - ასე ეხმაურება პრეზიდენტის წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვისას ირაკლი კობახიძის განცხადებებს. ამის შესახებ მან გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა.
ჩუგოშვილის თქმით, კობახიძეს ისეთი არგუმენტები მოჰყავდა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. პრეზიდენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებდა იმას, რაც კონკრეტულ მომენტში სჭირდებოდა.
"დარბაზშიც მობილიზებული ჰყავდათ ხალხი, ყველა მხრიდან ამხნევებდნენ მას ამ პროცესში. მისი არგუმენტაცია ამბობდა იმას, რომ პრეზიდენტს არ გააჩნია საერთოდ არანაირი როლი, არანაირი ფუნქცია. სხვა პრეზიდენტი რომ დაურეკავს, უნდა გათიშოს ტელეფონი და წავიდეს და მოითხოვოს მთავრობის განკარგულების გამოცემა, იმისთვის, რომ სატელეფონო ზარს უპასუხოს. ამბობდა ისეთ რაღაცებს, რასაც ანალოგი არ გააჩნია საერთოდ მსოფლიოში.
მე დასკვნით სიტყვაში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ. ამტკიცებდა იმას, რაც სჭირდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში. ხვალ რომ დასჭირდეს, რომ იგივე მუხლებზე ამტკიცოს პირიქით, არც ამაში შეუშლის რამე ხელს. შეიძლება დადგეს და ცოტა ხანში მოვისმინოთ, იგივე მუხლებზე საპირისპიროს როგორ ამტკიცებს და არ გამიკვირდება, ესეც რომ მოვისმინო", - ამბობს ის.
***
5 ოქტომბერს საკონტიტუციომ იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს. სასამართლომ დასკვნა 2 კვირის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს.
სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის 2/3, ანუ 100 დეპუტატის ხმა. ამ ეტაპისთვის ქართულ ოცნებას საჭირო მხარდაჭერა არ აქვს.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.