„ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთსულოვნად დაადასტურეს ნება, რომ არავითარი კომპრომისი, არავითარი უკან დახევა არ იქნება“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, სანამ დაპატიმრებული პოლიტიკოსები არ გათავისუფლდებიან, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
„ისტორიული დღეა. კვლავ გაგრძელდა საერთო სახალხო პოლიტიკური წინააღმდეგობის ფრონტი არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთსულოვნად დაადასტურეს ნება, ნება ხალხისა და საზოგადოებისა, რომ არავითარი კომპრომისი, არავითარი უკან დახევა არ იქნება იმ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება პოლიტიკური ტერორის შედეგთა გადალახვას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და სანამ ისინი არ იქნებიან თავისუფლები, არავითარი ბოიკოტის მოხსნა, არავითარი კომპრომისები ხელისუფლებასთან და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემა არ იქნება, ეს გამორიცხულია!“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
