საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან არაღიარების მიუხედავად, საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზე უკვე ევროპარლამენტარებიც ღიად საუბრობენ. მათი თქმით, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს და დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს არ გაათავისუფლეს, საერთაშორისო პარტნიორებთან ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად დააზარალებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე პარტნიორების დახმარებით ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერება იმისათვის, რომ მათ შეთანხმების ყველა პირობა შეასრულონ.
„ჩვენი პარტნიორები ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სრულად აცნობიერებენ როგორ ადამიანთან აქვთ საქმე, ივანიშვილთან, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არის, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლით, მათ შორის შიდა ზეწოლით ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს, ხელისუფლებამ შეასრულოს. ეს არის კარგი ქვეყნისთვის და ასევე ივანიშვილისთვის. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაიჩეხოს მორიგ დაპირისპირების უფსკრულში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ შეთანხმების დარღვევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს დააზიანებს. მისი თქმით, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმ ფინანსურ დახმარებებსაც, რომელის გამოყოფასაც ევროკავშირი ქვეყნისთვის გეგმავს.
„ამ შეთანხმების შესრულებაზე უარის თქმა გამოიწვევს როგორც ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების გაფუჭებას ევროკავშირთან, ასევე საფრთხეს შეუქმნის იმ დახმარებას, რომელიც სჭირდება ქართველ ხალხს. როდესაც ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, როდესაც არის სერიოზული გამოწვევის წინაშე მისი დემოკრატიული მომავალი, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ განცდა, რომ ეს დახმარება არ მივა შესაბამისად ხალხამდე“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ფინანსურ დახმარების გაუქმების საფრთხეზე ისაუბრა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმაც, რომელიც ევრონესტის დელეგაციის წევრიც იყო და ევროკავშირი ვიზიტებს ხშირად მართავდა.
„საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ ისევე როგორც ბევრ სხვას ქვეყნის შიგნით, მკაფიოდ ჩამოყალიბებული განცდა, რომ ხელისუფლება არ ასრულებს პირობას, რომელიც დადო 8 მარტს, რასაც მოაწერა ხელი. გუშინ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 500-მილიონიანი დახმარების პაკეტის ბედი. ეს არის მილიარდ ნახევარი ლარი საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანი თანხა. თან ეს არ არის კრედიტი ან ვალი, ეს არის ნაჩუქარი თანხა და არ შეიძლება, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იყოს ასეთი დამოკიდებულება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, მმართველ გუნდში გამორიცხავენ, რომ ევროკავშირისგან და დასავლეთისგან მომდინარე დახმარებას საფრთხე შეექმნას. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს განაცხადა, რომ საქართველომ პანდემიის პარალელურად მოახერხა და შემოწირულობის სახით სამ მილიარდამდე დააგროვა. მინისტრის ფიქრობს, რომ ფინანსური დახმარებები არ არის დამოკიდებული პოლიტიკოსების გათავისუფლებაზე, რომლებიც ციხეში იმყოფებიან.
„იმის გამო, რომ საქართველო ბევრ პოზიციაში არის ნომერ პირველი რეფორმატორი და მუდმივად ლიდერობს სხვადასხვა რეფორმების თვალსაზრისით საერთაშორისო რეიტინგებში, შესაძლებელი გახდა ასეთი მოცულობითი საერთაშორისო დახმარების სწრაფ პერიოდში მოზიდვა. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვახორციელებთ უკვე დღეს სხვადასხვა ღონისძიებას ჯანდაცვის სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მოსახლეობას ვეხმარებით, ჩვენ მათ შორის ამ რესურსითაც ვხელმძღვანელობთ“, - განაცხადა თურნავამ.