დღეს, როდესაც დახმარებებთან დაკავშირებით გლობალური კონკურენციაა, ხელისუფლება ნაცვლად ამ მიმართულებით მუშაობისა, თავისი გადაწყვეტილებებით ფაქტობრივად დასავლეთისკენ იერიშზე გადავიდა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების დახმარების გარეშე, სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურ დახმარებებს ვერ უზრუნველყოფს.
„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რის წინაშეც ვდგავართ, არის ის რომ ეს დახმარება რომელიც გამოყოფილია ჩვენი ქვეყნისთვის და მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენთვისაც როგორც ოპოზიციისთვის არის უმნიშვნელოვანესი ამ დახმარების უზრუნველყოფა. ჩვენ ერთობლივი წერილითაც მივმართეთ საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალური დახმარება უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გლობალური კონკურენციაა ამ დახმარებისთვის, შენ უნდა იმოქმედო ძალიან აქტიურად რომ მიიღო ეს დახმარება და რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება, თავისი გადაწყვეტილებებით ფაქტობრივად იერიშზე გადავიდა დასავლეთისკენ, საფრთხეს უქმნის იმ დახმარების მიღებას რომელიც დღეს ასე სჭირდება თითოეულ ჩვენ მოქალაქეს. ეს დახმარება ხომ არ არის მთავრობისთვის, ეს არის ადამიანებისთვის, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან, რაღაცა შვებას რომელსაც მიიღებენ. დღეს სახელმწიფო ბიუჯეტს დახმარების გარეშე არანაირი შანსი არ ააქვს, არც სოციალური დახმარების უზრუნველყოფის და არც სხვა რამის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
