logo
ENG



ეკა გიგაური: თუ უნდათ, ვინმე დაელაპარაკოს დასავლეთში, იგივე აღარ უნდა გაიმეორონ

16 მაი 202014:52
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, თუმცა ისინი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლოს გიორგი რურუაც.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

„ამის არგანხორციელება და რურუას არგათავისუფლება იქნება ჯიუტი ახირება, სრულიად გაუმართლებელი, რაზეც ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოუწევს „ქართულ ოცნებას“. რაც უფრო მალე მოხდება რურუას გათავისუფლება, რაც უფრო ნაკლებ ხანს იქნება ის წინასწარ პატიმრობაში, მით ნაკლები კომპენსაციის გადახდა მოუწევს საქართველოს ბიუჯეტს მორალური ზიანისათვის გიორგი რურუასთვის, ამიტომ უმჯობესია რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ ის უკანონო პატიმრობისგან“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს არ გამოხმაურებიან მმართველ გუნდში. განცხადებები ასევე კეთდება მესამე სექტორშიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით მმართველი გუნდისგან მოულოდნელი არაფერია, თუმცა, როგორც ეკა გიგაური აცხადებს, თუ „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ დასავლეთში მათ პარტნიორები ჰყავდეთ, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შეასრულონ.

„ამ ქვეყანაში უკვე, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს, ვერაფერს ვერ გამორიცხავ, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, სანამ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდებოდა, რამდენად განაწყენებული იყვნენ ჩვენი პარტნიორები, იმასთან დაკავშირებით, რომ შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გადაწყვეტილება. ამიტომ მოსალოდნელია ყველაფერი. უბრალოდ, მე მგონია, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა. თუკი მათ უნდათ, რომ ვინმე დაელაპარაკოს დასავლეთში, თუკი მათ უნდათ, ვინმემ მაინც სერიოზულად განიხილოს მათი სიტყვა, მათ ეს აღარ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

როგორც  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დირექტორი, სულხან სალაძე  აღნიშნავს, ფასილიტატორების გამოხმაურება უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე ადასტურებს იმას, რომ 8 მარტის შეთანხმების მეორე პუნქტში სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი იყო.

„ის განცხადება, რომელიც გავრცელდა ოპოზიციისა და ხელისუფლების შორის დიალოგის ფასილიტატორების მხრიდან, მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი იყო ამ შეთანხმების მეორე ნაწილი. ბუნებრივია, ეს არ მოიაზრებს ერთი, ორი, ან სამი ინდივიდუალური პირის გათავისუფლებას. აქ საუბარია იმაზე, რომ სხვა ხელისუფლების რომელიმე შტო არ უნდა ერეოდეს სასამართლოს კომპეტენციაში და სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. წელს არჩევნებია, ბევრი პროცესი გველოდება წინ და მნიშვნელოვანია, რომ დუღილის ტემპერატურა დამოკიდებული იყოს მხოლოდ საარჩევნო წელთან“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ორშაბათს, 18 მაისს არის დანიშნული.  ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ რურუას სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლებენ. რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, ასევე 18 მაისს არის დანიშნული მათი მორიგი შეხვედრა, სადაც ერთობლივ სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. 

შეგახსენებთ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

 


close დახურვა