პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელებენ. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საჭიროა გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, თუმცა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით საჭირო აღარ არის. როგორც გახარიამ განმარტა კანონპროექტი არ გულისხმობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში, წინანდალში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული ეფექტური და იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული. გარდა ამისა არ დაგავიწყდეთ, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს საკანონმდებლო განხილვები და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ყველას გვჭირდება არჩევნების კონტექსტში. ამ შეზღუდვებში გამოხატვის თავისუფლება არ შევა “,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, ახალი ინიციატივის მიხედვით, რომელიც დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადა და დღეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირდა, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს პარლამენტი.