ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მკაცრი და კრიტიკული განცხადებები მოსალოდნელი იყო. ისინი მმართველ გუნდს მოუწოდებენ, პარტნიორების გზავნილები კარგად გაიაზრონ. მათივე შეფასებით, დღეს გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ „ქართული ოცნების“ იმიჯი ევროპარლამენტარების თვალში მნიშვნელოვნად არის შელახული.
„წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს ევროკავშირში, რომლებიც წლების განმავლობაში ხმალამოღებული იბრძოდნენ საქართველოსთვის, საქართველოს ინტერესებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, იგივე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად ან თუნდაც უვიზო მიმოსვლის შემოსაღებად, ამ ფიგურებს უკვე ესმით, რომ ის გზა, რა გზასაც ადგას ამჟამინდელი მთავრობა, რაც აირჩია ივანიშვილმა, არ შეესაბამება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ინტერესებსაც. ევროკავშირის და ასევე შეერთებული შტატების ინტერესებშია, რომ საქართველო განვითარდეს სტაბილურად, კატაკლიზმების გარეშე და ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ საზოგადოებად, რომელიც გაწევრიანდება კიდეც ცივილიზებული სამყაროს ინსტიტუტებში, როგორიც არის ევროკავშირი და ნატო“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.
საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან „ქართული ოცნებისა“ და მისი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისადმი უნდობლობაზე ისაუბრა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის განცხადებები ივანიშვილისთვის გაფრთხილება უნდა იყოს.
„ეს სხდომა იყო გარკვეულწილად გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ევროპა არ აპირებს დააკვირდეს იმას, როგორ ეცდება ივანიშვილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გაუქმებას და ჩაშლას. სწორედ ამიტომ, მოგვიწოდეს 8 მარტის შეთანხმების შესრულება და ასევე იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. როგორც ჩანს, უკვე ძალიან დიდია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები აქვს ივანიშვილს შემდეგ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.
რაც შეეხება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის პოზიციას, ის აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სიცრუეს და პოლიტიკურ დევნას არავის პატიობს.
„საერთაშორისო თანამეგობრობა არავის პატიობს ასეთ უხეშ გადაგდებას, არავის პატიობს იმას, როდესაც ხედავს, რომ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა, დევნიან პოლიტიკური აქტიურობის გამო და არავის პატიობენ თვალში ნაცრის შეყრას. ეს ხელისუფლება საკუთარ იმიჯს ვერაფრით ვეღარ გამოასწორებს. ერთადერთი რითაც შეუძლია ოდნავ ჩამოირეცხოს ის ტალახი, რომელშიც ამოითხვარა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს შეიძლება იყოს არჩევნების ნორმალურად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარება“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე დღეს სვენ მიქსერის მიერ შედგენილ ანგარიში განიხილეს. ევროპარლამენტარები ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ასევე უმთავრესია გათავისუფლდეს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.
