63 წლის ჰუმბერ მილაძეს შვილმა ახალგორში ე.წ. მთავრობას რამდენჯერმე სთხოვა, მამის თბილისში გადაყვანისა და მკურნალობის უფლება მიეცა თუმცა უარი მიიღო. ახალგორში მცხოვრები კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ დამძიმდა. საოკუპაციო რეჟიმმა კი ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
მას შემდეგ რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ გამშვები პუნქტი ჩაკეტა 10 თვე გავიდა. ახალგორში მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი "ფორმულასთან" ჰყვება, რომ დაბაში რთული ვითარებაა, როგორც ჯანდაცვის ასევე სოციალური და ეკონომნიკური მიმართულებით. მოსახლეობა ელემენტარულ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს, დე-ფაქტო ხელისუფლებას ადგილობრივი მოსახლეობის ბედი არ აინტერესებს, თუმცა მოსახლეობის მდგომარეობით არც ცენტრალური ხელისუფლება ინტერესდება. რეგიონში მედიკამენტების და პროდუქტების დეფიციტია.
პრესამსახურის მიერ გავრცელებულ კომენტარში მინისტრი ამბობს, რომ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარების შესახებ იციან, თუმცა რეალური ბერკეტი პრობლემასთან საბრძოლველად არ აქვთ. მინისტრის თქმით ახალგორის მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის მისია, საკითხი ბევრჯერ დაისვა ერგნეთის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, თუმცა უშედეგოდ.
ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, მას შემდეგ რაც ჩორჩანში საგუშაგოს მშენებლობის მიზეზით რეჟიმმა მიმოსვლა აკრძალა, ცენტრალურ ხელისუფლებას საკითხი არცერთ საერთაშორისო ტრიბუნაზე არ დაუყენებია.