logo
ENG



ჩუგოშვილი - იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდვებთან დაკავშირებულ კანონს მალევე გააუქმებს

21 მაი 202016:34
3 წუთის საკითხავი
 
bzgw9f55g7qszqk.jpg

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი შეზღუდვებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის შესახებ კანონით ეპიდემიის პირობებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ისედაც გათვალისწინებულია, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მიენიჭოს მთავრობას დამატებითი უფლებამოსილებები.

გარდა ამისა, დეპუტატი აცხადებს, რომ კანონპროექტი ქვეყნის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია და იმედს გამოთქვამს, რომ დამტკიცების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონს მალევე გააუქმებს.

„თქვენ რა თქმა უნდა ამ კანონს მიიღებთ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მალევე გააუქმებს, რადგან ეს აუცილებლად გახდება საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობის საგანი. გაუგებარია რატომ ვაკეთებთ, რა მიზნის, რა სიკეთის დაცვას ემსახურება ასეთი პრობლემური კანონის შემოღება? თუკი რისკები ისე გაიზარდა, გავრცელდა დაავადება და რაც დღეს წერია ჯანდაცვის შესახებ კანონში არ იქნა ეს საკმარისი, მაშინ მივიღოთ ეს კანონი. ორ დღეში იღებთ ორ თვეში ხომ არა? დაველოდოთ და თუ გართულდა სიტუაცია ან საგანგებო მივიღოთ ან შეიძლება ჩვენც გითხრათ რომ მართლები ხართ და ეს კანონპროექტი მერე მივიღოთ. დღეს არ არის ქვეყანაში ვითარება, რომელიც აუცილებელს ხდის ან ამართლებს ისეთი ნაბიჯის გადადგამს, რომელიც თავდაყირა აყენებს ამ ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილებას ხელისუფლების შტოებს შორის. ვისაც კონსტიტუცია ესმის, სამართალი და სახელმწიფოს მოწყობა, იმათთვის ეს არის ნომერი პირველი საკითხი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

შეგახსენებთ, პარლამენტი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობას გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში, შეიძლება შეიზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება; საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება; ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტით სრულიად გამორიცხულია  ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა, საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება.


close დახურვა