logo
ENG



პოლიტიკური კორუფციის გაუგონარი შემთხვევა - რატიანი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემაზე

24 მაი 202017:54
3 წუთის საკითხავი
 

მართლმადიდებელი ეკლესიის მოვალეობა არ არის, რომ ტყეზე იზრუნოს, - ასე ეხმაურებიან ოპოზიციაში მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიებს საშუალება ექნებათ, რომ 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში მიიღონ.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა დღეს კიდევ ერთხელ სცადა მართლმადიდებელი ეკლესიის მოსყიდვა წინასაარჩევნოდ და გაიღო გარკვეული ხარკი, რომ მათი ხმები მოიპოვოს.

რაც შეეხება სამთავრობო კომისიას, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ რომელ ეპარქიას რამდენიმე ფართობი გადაეცემა საკუთრებაში, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ რამდენ ხმას მიუტანს „ქართულ ოცნებას“.

„ეს კანონი არის პოლიტიკური კორუფციის სრულიად გაუგონარი შემთხვევა. ფაქტობრივად „ქართული ოცნება“ გვაბრუნებს შუა საუკუნეებში და აჩენს განსაკუთრებით მიწათმფლობელთა ფენას, რაც არის შემაშფოთებელი. ფაქტობრივად, აქ არანაირი შეზღუდვები არ არის, ამიტომ კომისიაზე საუბარიც იმიტომ არის, რომ ხელისუფლებას კიდევ აქვს რაღაც ბერკეტები, ევაჭროს ეკლესიას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ეკლესიის მიმართ არის, ერთი მხრივ, როგორც ციანიდის საქმესთან მიმართებით, მძევლად აყვანა და შანტაჟი, მეორე მხრივ კი - მოსყიდვა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

მმართველი გუნდის პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობს ასევე პარტია „გირჩის“ წევრი ჰერმან საბო. მისი თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ  ეკლესიას, ფაქტობრივად, ქვეყნის ტერიტორიის 2 პროცენტი აჩუქა.

„რაც უფრო უჭირს ხოლმე მთავრობას, მით უფრო დიდ ლუკმას უგდებს საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ. ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მთელი ტერიტორიის ორი პროცენტი აჩუქა საპატრიარქოს იმ ხმებისთვის, რომელიც მას დასჭირდება არჩევნებზე. განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ კონსტიტუციურადაც არ შეიძლება ასე, ექსკლუზიური უფლება ან პრივილეგია მივანიჭოთ ერთ რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას, რაც უნდა  მნიშვნელოვანი იყოს მისი წვლილი საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

რაც შეეხება მესამე სექტორის პოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ ახალი კანონი არაკონსტიტუციურია და იგი ადამიანის უფლებებს ლახავს. ისინი უკვე ამზადებენ სარჩელს, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოში ტყის კანონის გაუქმებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა ტყის კოდექსში ცვლილებები შეიტანეს, რომლის მიხედვითაც, ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლება მიეცა. კანონის მიხედვით, განსაზღვრული რაოდენობა თითოეული მიწის შემთხვევაში იქნება არაუმეტეს 20 ჰექტრისა


close დახურვა