logo
ENG



მეუფე ანტონი კრიტიკოსებზე:რა ურჩევნიათ-ჩვენთან მტრობა, თუ მეგობრობა?

25 მაი 202011:13
3 წუთის საკითხავი
 

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი ამბობს, რომ ეკლესიაზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს. კერძოდ, საუბარია კანონზე, რომელიც ეკლესია-მონასტრებისთვის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ტყუს გადაცემას გულისხმობს. მეუფე ანტონის თქმით, ეკლესია ტყეს მომავალ თაობას შემოუნახავს.

„მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ ორკესტრირებულ შეტევაზე, რომელიც კვლავ წამოიწყო მედიის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ე.წ. ენჯეოების გარკვეულმა ნაწილმა, წვრილ-წვრილ და პატარ-პატარა ეკლესიის მოძულეებმა, რომლებიც მუდამ უკმაყოფილოები არიან. საზღვრებს სცდება უკვე მათი ეკლესიისადმი ზიზღი - როგორ წამლავენ ახალგაზრდა თაობის გონებას. ყველა ღონეს ხმარობენ ეს ნეოკომუნისტები, რომ ახალგაზრდებს ეკლესია შეაძულონ, შეაძულონ სასულიერო პირები და წარმოუდგენენ მათ როგორ გაზულუქებულ პირებს.

"თქვენ იცით ახლა, რომ სახელმწიფოს გადმოსცეს ტყე. ამათი უნიჭო ბრალდება არის ის, რომ სახელმწიფო თურმე, ჩვენ წინასაარჩევნოდ გვყიდულობს. თუ ესენი ლოგიკურნი არიან თავის სიტყვებში, გამოდის, რომ ეკლესიას გარკვეული წონა ჰქონია, რომ ქვეყნის ბედი შეცვალოს. თუ ამაში დარწმუნებული არიან, რა ურჩევნიათ ჩვენთან - მტრობა თუ მეგობრობა? მე მათ ადგილზე ასე ვიტყოდი - უფ, რა კარგია ეკლესიას რომ გადასცეს ტყე, ეს მაინც შეგვინარჩუნდება და ეს მაინც დარჩება ჩვენს თაობას. ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს ხე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის? რა მნიშვნელობა აქვს ვინ განკარგავს ეკლესიას, როდესაც ის თქვენი კუთვნილება არაა? თუ ერთადერთი, რომ ეკლესია გაყიდის, რა გარანტია გავს, რომ სახელმწიფო არ გაყიდის? ეკლესია უცხოელებზე მაინც არ გაასხვივესებს“, - განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა ტყის კოდექსში ცვლილებები შეიტანეს, რომლის მიხედვითაც, ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლება მიეცა. კანონის მიხედვით, განსაზღვრული რაოდენობა თითოეული მიწის შემთხვევაში იქნება არაუმეტეს 20 ჰექტრისა

არასამთავრობო სექტორში საპატრიარქოსთვის მიწის გადაცემას არაკონსტიტუციურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ხარკს უხდის ეკლესიას წინასაარჩევნო პერიოდში.

ხელისუფლება საზოგადოებას პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს, - ასე აფასებს ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიებს საშუალება ექნებათ, რომ 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში მიიღონ.

თეოლოგები კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო ეკლესიის ტყვეობაშია. მათთვის მიუღებელია ის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ქონებრივი წახალისების გზით ცდილობს რელიგიურ ინსტიტუციასთან ურთიერთობის დალაგებას.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის გადაცემის შემდეგ მას რაიმე კონკრეტული დანიშნულება არ ექნება. როგორც მეუფე გერასიმემ განმარტა, ტყეს სასულიერო პირები დაიცავენ და შემდეგ თაობებს გადასცემენ.

 

 


close დახურვა