logo
ENG



​ეკონომისტი: ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს, ვალები იზრდება - კოქტეილი გვაქვს კატასტროფული განვითარების

26 მაი 202017:24
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა, ექსპერტები და ეკონომისტები აფასებენ.

ეკონომიკის ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ მთავრობას ყოველთვის აქვს სურვილი დიდი მოცულობის თანხაზე კონტროლი ჰქონდეს. მისი აზრით ხელისუფლებამ ასეთი პროექტების მართვა კერძო სექტორებს უნდა გადააბაროს, რადგან ამ შემთხვევაში უფრო სამართლიანად გადანაწილდება ხარჯი მოქალაქეებზე, რომლებიც საკუთარი ჯიბიდან იხდიან მსგავსი პროექტებისთვის დახარჯულ თანხას და იმ საერთაშორისო ვალსაც, რომელსაც ამ პროექტებისათვის მთავრობა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან იღებს. 

გიგა ბედინეიშვილის თქმით, თუ მთავრობა თვითონ განახორციელებს ასეთ პროექტებს მაშინ უნდა მოახერხოს, რომ მათთვის საჭირო თანხა არა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან აიღოს, არამედ საკუთარი ბიუჯეტიდანვე გამონახოს, ეს კი ისე უნდა მოახერხოს, რომ უარი თქვას სხვა პროექტებზე, რომლებსაც მრავლად ახორციელებს მთავრობა, რომლებსაც რეალური და ხელშესახები შედეგები არ მოაქვს.

„უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ეკონომიკური საქმიანობიდან მთავრობა გამოვიყვანოთ. არ აქვს გამართლება მთავრობის მიერ არც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არც ზოგადად ეკონომიკაში მთავრობის ცხვირის ჩაყოფას. ეკონომიკაში ცხვირის ჩაყოფას, ზარალის, პოლიტიკური კორუფციის და უსამართლობის მეტი არაფერი არ მოაქვს. უნდა ვეცადოთ, რომ ვალები შევამციროთ. მთავრობები მიდიან და მოდიან, იღებენ ვალებს, რომლებსაც მერე  მომავალ თაობებს გადასახდელად. ეს ამორალურია. 

ლარს კიდევ რაც მოსდის ამ რვა წლის განმავლობაში ამასაც ვხედავთ, შესაბამისად ხალხი გაღარიბებულია, ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს, ვალები იზრდება, კოქტეილი გვაქვს კატასტროფული განვითარების“, - განაცხადა ეკონომისტმა გიგა ბედნიეიშვილმა.

ოპოზიციის ლიდერები აუდიტის დასკვნის საფუძველზე კორუფციის ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. 

„აღებული და გაუსტუმრებელი ვალი და შეუსრულებელი საინვესტიციო პროექტები“ - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მომზადდა აღნიშნულია, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

აუდიტის მოხსენების თანახმად, საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, გასული წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.


close დახურვა