logo
ENG



2 თებერვალს, ნავალნის გასამართლების დღეს პოლიციამ რუსეთში აქციის 750 მონაწილე დააკავა

03 თებ 202101:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/03/z5y720lqg0l7j3r.jpg

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ნავალნის დაპატიმრების დღეს ასობით ადამიანი დააკავეს. TV Rain-ის ცნობით, 3 თებერვლისთვის დაკავებულთა რიცხვი 750-მდე გაიზარდა, მათ შორის, 613 მოსკოვში, 122 - სანქტ-პეტერბურგში.

დაკავებები დილიდან დაიწყო, როცა აქციის მონაწილეები სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ. ადგილზე 300 ადამიანი დააკავეს. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ნავალნის მიმართ ვერდიქტი გამოაცხადა, აქციის მონაწილეების პროტესტმა კიდევ ერთხელ იფეთქა. პროტესტი მოსკოვის ცენტრში გაგრძელდა. ისინი ხელებაწეული სკანდირებდნენ "ჩვენ უიარაღოდ ვართ". ამის მიუხედავად, ძალოვნებმა მათ წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს.

მოსკოვის ცენტრში გამართულ აქციაზე ძალოვანმა ხელკეტი რეპორტიორს თავში ორჯერ ჩაარტყა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს პრესის ნიშნით სპეციალური ჟილეტი ეცვა და იქ განვითარებულ მოვლენებს იღებდა. ჟურნალისტის ცემის ვიდეოს Настоящее Время ავრცელებს. 

2 თებერვალს, ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი მომდევნო 2 წელსა და 8 თვეს გაატარებს ციხეში იმის გამო, რომ მანამდე შინაპატიმრობაში იყო.

რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება". 


close დახურვა