logo
ENG



2 ივნისს დაკავებული ორი აქტივისტი დუშეთის იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

04 ივნ 202314:24
3 წუთის საკითხავი
 

2 ივნისის აქციაზე დაკავებული აქტივისტები ლევან ნიშნიანიძე და ლაშა ჯანჯღავა დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესი, რომელიც ელოდნენ, რომ დღეს ჩატარდებოდა, სავარაუდოდ გადაიდება.

თელავის და გურჯაანის იზოლატორებში რჩებიან დანარჩენი დაკავებულები, რომელთა შორის არიან უფლებადამცველები ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და საბა ბრაჭველი.

2 ივნისს პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო 7 მოქალაქე დააკავა. ამ ბანერებზე ძირითადად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები, ზოგიერთი მოქალაქე კი ცარიელი ბანერით იდგა. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

ადვოკატი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიყენა შსს-მ დაკავების გახანგრძლივებული, 48-საათიანი ვადა თუ აქტივისტების გაშვება ხელწერილის საფუძველზე იყო შესაძლებელი.

"როგორც გვაცნობეს, დუშეთის იზოლატორში რომ ჰყავდათ 2 დაკავებული ხელწერილით გაათავისუფლეს. ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ თუ აპირებდნენ ხელწერილით გათავისუფლებას რატომ გამოიყენეს 48-საათიანი პატიმრობის ვადა? ველოდით, რომ დღეს იქნებოდა პროცესი, როგორც ჩანს პროცესი გადაიდება. როცა შემოიტანენ სასამართლოში საქმეს მაშინ დაინიშნება სასამართლოს სხდომა. თუმცა ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარია, რომ თუკი ადამიანი შესაძლებელია, რომ გაუშვა ხელწერილით რატომ გყავს პატიმრობაში, რატომ გაქვს გამოყენებული უკიდურესი ფორმა - პატიმრობა და რატომ გყავს დაკავებული. ჩვენთვის ეს ამოუხსნელია ნამდვილად." - აცხადებს ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. როგორც ცნობილია, დაკავებულია 7 ადამიანი. 

დაკავებულს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა. 

მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.

საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე გამოეხმაურა გუშინ აქციაზე დაკავებული აქტივისტებისთვის დაკავების ვადის გახანგრძლივებას და განაცხადა, რომ დაკავების 24 საათის ნაცვლად 48 საათამდე გახანგრძლივების პრაქტიკას შსს, ძირითადად, აქტივისტების შემთხვევაში, სადამსჯელოდ იყენებს.

3 ივნისს აქცია "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება" თბილისის პარალელურად ბათუმშიც გაიმართა. ბათუმში, ევროპის მოედანზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. პოლიცია მოქალაქეებს პლაკატების გამო დაუპირისპირდა და 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა. 


close დახურვა