logo
ENG



ბათუმში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია

03 ივნ 202322:16
3 წუთის საკითხავი
clock 935
2023/06/03/gag2jyzdva3506r.jpg

ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება" იმართება, სადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქცია თბილისის აქციის პარალელურად დაიწყო, თუმცა მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მალევე დაიწყო. 

კერძოდ, პოლიციამ მოქალაქეებს პლაკატების გამო დაუპირისპირდა, რასაც შემდგომ აქტივისტების დაკავება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან: თაზო მახარაძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან გორგილაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ნოდარ დუმბაძის შვილი, გიორგი დუმბაძე. ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი დუმბაძე არასრულწლოვანები არიან. ნაცვლიშვილი ის მოსწავლეა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, სკოლაში, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშა ჩამოხია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძეც დააკავა.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა შინაარსის წარწერებიანი ბანერებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებდნენ.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. როგორც ცნობილია, დაკავებულია 7 ადამიანი. 

დაკავებულს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა. 

მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.

საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე გამოეხმაურა გუშინ აქციაზე დაკავებული აქტივისტებისთვის დაკავების ვადის გახანგრძლივებას და განაცხადა, რომ დაკავების 24 საათის ნაცვლად 48 საათამდე გახანგრძლივების პრაქტიკას შსს, ძირითადად, აქტივისტების შემთხვევაში, სადამსჯელოდ იყენებს.

 


close დახურვა