logo
ENG



2 კვირის მარაგი არაა ცუდი, მით უმეტეს მარაგი სულ ივსება - ცერცვაძე დამცავ საშუალებებზე

04 აპრ 202022:28
3 წუთის საკითხავი
clock 1056

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო ინვენტარისა და დამცავი საშუალებების საჭირო მარაგები მუდმივად ივსება, ხოლო ახლა არსებული მარაგები მსოფლიოში კრიზისის ფონზე ძალიან კარგია.

როგორც ცერცვაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განმარტა, ყველა ქვეყანა განიცდის დამცავი საშუალებების დანაკლისს და ამის ფონზე მარაგის ქონა. მისივე შეფასებით, ქვეყანაში დამცავი საშუალებების წარმოების დაწყება ნამდვილად იძლევა პოზიტიურად ფიქრის საშუალებას.

„ორი კვირის მარაგი არაა ცუდი - მით უმეტეს, მარაგი სულ ივსება. ამ მხრივ კრიზისის ნიშნები არ არის. თანაც ზოგიერთი დამცავი საშუალების წარმოება, მაგალითად ნიღბების, უკვე აეწყო და შესაძლოა ექსპორტზეც გავიტანოთ. მარაგი არ არის დიდი, მაგრამ მუდმივად ივსება", - აღნიშნა მან.  

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება ნიღბების ტარებისადმი და გავრცელების ამ ეტაპზე რამდენად საჭიროა ნიღბის ტარება, თენგიზ ცერცვაძემ დეტალურად განმარტა, რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ეს დამცავი საშუალება.

მისი თქმით, ნიღაბი აუცილებელია პაციენტისა და მასთან კონტაქტში მყოფი პირისთვის, ასევე სასურველია მარკეტებსა და ისეთ სივრცეებში, სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა ვერ ხერხდება, თუმცა ქუჩაში მოძრაობისას ნიღბის ტარება, ამ ეტაპზე, ზედმეტია.

„პოზიციაში ცვლილება გასაგებია - მაშინ არ იყო მასობრივი გავრცელება და არ იქნებოდა პროპორციული ძალის გამოყენება, ყველას რომ ეტარებინა ნიღაბი. ეს მხოლოდ დამატებით პანიკას შემოიტანდა. როცა დაიწყო შიდა გავრცელება, მიდგომაც შეიცვლება. ნიღაბი სჭირდება ავადმყოფს, რათა ნაკლები იყოს ნაწილების გამოფრქვევა. ნიღბები სჭირდება იმას, ვინც უვლის ავადმყოფს და იმ პირებსაც, ვინ ხვდება იმ არეალში, სადაც შეიძლება იყოს დაინფიცირებული ადამიანი. ვინც გარეთ გამოდის და ქუჩაში ნიღბით მოძრაობს - ეს ზედმეტია. თუ შეხვალთ მარკეტში - იქ ზედმეტი არ არის. დახურულ სივრცეებშიც თუკი არის საშუალება სოციალური დისტანცირების, მაშინ არაა საჭირო ნიღაბი", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 162 შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 36, გარდაცვლილია 1 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში რჩება 5067, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.


close დახურვა