logo
ENG



2 მეტრში მდგომი პოლიციელი ამბობს, რომ ჩხრეკა და იარაღი არ დაუნახავს - საძაგლიშვილი

18 მაი 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ რურუა პატიმრობაში დატოვა, ამ ეტაპზე სხდომაზე ექსპერტებისა და იმ პოლიციელების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკაში მონაწილეობდნენ. 

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გამოძიებას მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულბა არ გააჩნია. 

"აღკვეთის შეცვლის საფუძველი არსებობს, თავად ბრალდების მხარის მოწმეებიც კი არ ადასტურებენ, რომ ჩხრეკის პროცესი დაინახეს. არავის უნახავ იარაღი, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც უშუალოდ ხელი საბუთს მოაწერეს. სასაცილო მდგომარეობაში ვართ, რადგან 2 მეტრში მდგომი პოლიციელი ამბობს, რომ ჩხრეკა არ დაუნახავს, არ დაუნახავთ იარაღი. ერთ-ერთმა ისიც კი გვითხრა, რომ თურმე გვიან ღამე ტელევიზორით გაიგო, რომ რურუას იარაღი ჰქონია", - განაცხადა დაცვის მხარემ. 

საქმის პროკურორის ვასილ სამხარაძის განცხადებით კი, არ არსებობს ახალი გარემოება იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვალოს.

"რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, რასაც დაცვის მხარე აყენებს, თავისთავად, ამ გარემოებას ჩვენ არ დავეთანხმებით, რადგან არავითარი ახალი გარემოება აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა, არ არსებობს. რაც შეეხება სამხილებს, რაც აქამდე არსებობდა ბრალდების მხრიდან, ძალაშია.  დაკითხულია ბრალდების მხარის მოწმეების მხოლოდ მესამედი, დასაკითხია მოწმეების კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობა. შესაბამისად, არსებობს მტკიცებულებები ეს არის ორი ექსპერტი და პოლიციის ერთი თანამშრომელი", - აღნიშნა პროკურორმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა