ჯანდაცვის სპეციალისტები, რეგულაციების შემსუბუქების შედეგად, COVID19-ით ეპიდსიტუაციის გამწვავებას არ ელიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ეკონომიკა უნდა გაიხსნას, თუმცა პარალელურად, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს კონტროლი და კვლევა. სპეციალისტები დაავადებულთა რიცხვის მცირედით ზრდასაც ვარაუდობენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ამის გამო, მოსახლეობა კვლავ სახლებში არ უნდა გამოკეტონ.
„სიტუაციის გამწვავებას არ უნდა ველოდოთ. გასაგებია, რომ იხსნება რეგულაციები და გარკვეული მატება შესაძლებელია იყოს, რადგან ეს ყველგან ასეა. თუმცა, ეს არ იქნება კრიტიკული მატება თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს, რომელიც მოწოდებულია. ვირუსის გარკვეული შემთხვევები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დაავადების იქნება ხან 5, ხან 10 და შეიძლება მეტიც, მაგრამ ციფრებზე არ უნდა დავფეთდეთ“, - განაცხადა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძემ.
ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ექსპერტმა ვატო სურგულაძემ. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაში იყოს.
„ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხსნათ ეკონომიკა. თუ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არის მზად იმისათვის, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი ვისაც ეს დაემართება, მაშინ პრობლემა არ გვექნება. ამისთვის სახელმწიფომ სერიოზული ზომები უნდა მიიღოს“, - განაცხადა სურგულაძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ კოვიდ-19 ჯერჯერობით დამარცხებული არ არის და აუცილებელია მოქალაქეებმა სიფრთხილე გამოიჩინონ.
„ეს მატება არის საყურადღებო, თუმცა არა საგანგაშო. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რჩება იგივე. მოსახლოებას მინდა მოვუწოდო, რომ კორონავირუსული ინფექცია არსად წასულა, ჩვენ გვერდით არის. ამიტომ უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება და ვიყოთ ყურადღებით. გავითვალისწინოთ რეკომენდაციები როგორიცაა პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, ჰიგიენური ნორმებს დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.