logo
ENG



პოლიციელები მალულად შევიდნენ რურუას საკანში ნივთების ასაღებად, ეს კანონდარღვევაა - ადვოკატი

01 ივნ 202012:29
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს იქამდე არ დაუჭერს სანამ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა არ გათავისუფლდება საპატიმროდან. მორიგი პროცესი გიორგი რურუას საქმეზე დღეს იმართება. საქალაქო სასამართლოში გამომძიებელს და ექსპერტებს დაკითხავენ.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ რურუა პოლიტიკური პატიმარია. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, რურუას იარაღი პოლიციელებმა იმის გამო ჩაუდეს, რომ ის "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მონაწილეა.

პროცესზე ადვოკატები დამატებითი მტკიცებულებების ამოღებას მოითხოვენ. 

"დაიკითხება ბრალდების მხარის სამი მოწმე, აქედან ერთი არის გამომძიებელი. ზურა ბერუაშვილი დნმ-ის ნიმუშთან დაკავშირებით დაგვიკავშირდა ადვოკატებს. შევთანხმდით დროზე და იმავე დღეს ჩვენგან მალულად შევიდნენ პოლიციელები რურუას საკანში ნივთების ასაღებად. ეს კანონდარღვევაა, რადგან ადვოკატი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს საგამოძიებო პროცესს. იმის გამო, რომ გვქონდა საუბრის ჩანაწერი იძულებულები გახდნენ საქმიდან ჩამოეშორებინათ. ასევე დაიკითხება ორი ექსპერტი", - განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მისი გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა - პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები კი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს 8 მარტის დოკუმენტის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები.

 


close დახურვა