logo
ENG



ჭიაბერაშვილი: 10-ათასობით ოჯახი შიმშილობს, ვის ექნება საშუალება, თუნდაც თავის ქვეყანაში დაისვენოს

06 ივნ 202012:38
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ არ უნდა დაისვენონ და ფული ადგილობრივ ტურიზმში უნდა დახარჯონ - ეს პრემიერის განცხადებაა, რომელმაც კრიტიკა და გაურკვევლობა უკვე გამოიწვია. გაუგებარია, რა გზით აპირებს გახარია აუკრძალოს მოსახლეობას ქვეყნის დატოვება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საქართველო საზღვრების გახსნას ტურისტებისთვის აპირებს. ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში. 

„ბატონმა გახარიამ თვითონ უნდა ახსნას, როგორ აპირებს ადამიანებს შეუზღუდოს გადაადგილება, თუკი ადამიანები იმოქმედებენ იმ წესებით, რაც დადგენილი იქნება საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, თუ როგორ უნდა იმოგზაურონ კოვიდ 19-ის პირობებში. როდესაც ათიათასობით ოჯახი შიმშილის წინაშე დგას, რამდენს ექნება საშუალება, რომ თუნდაც თავის ქვეყანაში, ოჯახი დასასვენებლად წაიყვანოს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერის ნათქვამს კონსტიტუციის დარღვევად აფასებს.

„ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და არავის არ აქვს უფლება საკუთარ მოქალაქეს გასვლა აუკრძალოს. თუ სხვა სახელმწიფო არ მიგიღებს ეს მათი პრობლემაა მაგრამ განაცხადო ის, რომ საკუთარი მოქალაქე ქვეყანას ვერ დატოვებს ეს არის დიქტატურა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

„დამოუკიდებელი დეპუტატის“ ლევან კობერიძის განცხადებით, პრემიერ მინისტრის განცხადება არაადეკვატურია. მისივე თქმით, გახარია დამრიგებულური ტონით ცდილობს საზოგადოებას თავისი სურვილები მოახვიოს თავს. 

„პრემიერ-მინისტრს ჰქონია, რომ მან ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა იცხოვრონ მოქალაქეებმა, როგორ უნდა ისუნთქონ, როგორ უნდა იმოგზაურონ. ასეთი დამრიგებლური ტონით ცდილობს, რომ თავისი სურვილები თავს მოახვიოს საზოგადოებას“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.


close დახურვა