logo
ENG



30 დაინფიცირებული და 400-ზე მეტი კარანტინში მყოფი - როგორ ებრძვის საქართველო კორონავირუსს

14 მარ 202020:08
3 წუთის საკითხავი
clock 325

საქართველოში კორონავირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. შესაბამისად, შესაძლოა დაინფიცირებულთა წრე ამ გზით კიდევ გაიზარდოს და ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდეს. 

ოფიციალური მონაცემებით, ინფექცია დღეს კიდევ 5 მოქალაქეს დაუდგინდა, რამაც დაავადებულთა რაოდენობა 30-მდე გაზარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწორედ შიდა გადადებით დაინფიცირდა ის 5 ადამიანი, რომელთაც კოვიდ-19 დღეს დაუდგინდათ. გამყრელიძის თქმით, 5 დაინფიცირებულს კონტაქტი იტალიასთან ჰქონდა, თუმცა მათ იტალიაში არ უმოგზაურიათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ჯერჯერობით ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

შიდა გადადების დაფიქსირების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს მითითებები მისცა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ კოვიდ-19 გავრცელების საწინააღმდეგოდ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტებს კიდევ 4 კლინიკა მიიღებს და ჯამში, ქვეყანას 440 დაინფიცირებული პაციენტისთვის ექნება გამოყოფილი ადგილი.

ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანა კოვიდ-19-ს მოუმზადებელი შეხვდა და დროული ნაბიჯები არ გადაიდგა, იმისათვის რომ მომხდარიყო კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ქვეყანაში არის შიდა გადადება, რაც იმას ნიშნავს რომ სიტუაცია უკვე უკონტროლოა. ექსპერტების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ვირუსი არ გავრცელდეს.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 30 შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში რჩება 418 ადამიანი, 54 პაციენტია სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო დღეს კარანტინში კიდევ 10 პირი გადაიყვანეს. ჯამში, სამართალდამცველებმა კარანტინში წესების დარღვევის გამო იძულებით 22 ადამიანი მოათავსეს.


close დახურვა