ოპოზიციის წარმომადგენელები რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურებიან, რომელშიც პოლიტიკოსი ქართველ დიპლომატს სიცრუეში ადანაშაულებს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელუსუფლების ნაბიჯებზე ამერიკელი პარტნიორების კრიტიკა სავსებით ლოგიკურია. დეპუტატი მმართველი გუნდის ნაბიჯებს პოლიტიკურ აგონიად აფასებს.
"რომც არ ეთანხმებოდა, ეს არის სრული მავნებლობა ქვეყნის ინტერესების მიმართ. ამიტომ მოჰყვა ასეთი რეაქცია. საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ეს ადამიანები საქართველოს მეგობრები არიან და მათ ინტერესშია, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული და ძლიერი. აბსოლუტურად ლოგიკურია მათი ასეთი მკაცრი რეაგირება ივანიშვილის რეჟიმის ასეთ სამარცხვინო საქციელზე. ისტერიკის დროს, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი რეჟიმებიც კი, ზოგჯერ ასე იქცევიან. ოღონდ ეს მათ ვერასდროს იხსნის. ეს პოლიტიკური აგონიის ნიშნებია“, - აღნიშნა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ბოლო პერიოდის განმავლობაში იაფფასიანი ტყუილების ტირაჟირებას ახდენს. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" პარტნიორების მხრიდან საკადრისი პასუხი მიიღო.
"ასეთ იაფფასიან ტყუილებს, როცა კადრულობს ხელისუფლება, ბუნებრივია ეს შეუმჩნეველი არ დარჩება, უყურადღებოდ არ დარჩება. დღეს მართლაც საკადრისი პასუხი მიიღეს, იმ სიცრუეზე, რომლის ტირაჟირებასაც ცდილობენ ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს საპასუხო ნაბიჯები უკეთესად გათვალოს.
"შესაძლებელია, რომ ამ დოკუმენტში, რომელიღაცა კონგრესმენმა არ იცოდა რაღაც ფრაზა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ფრაზა მოხვდა. დოკუმენტი არის მიღებული და ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტია ხელისუფლებისთვის. ჯობს ცოტა სხვა ნაბიჯებით უპასუხონ ამ გამოწვევას“, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რესპუბლიკელი კონგრესმენი, მარკეინ მალინი შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს სიცრუეში ადანაშაულებს.