logo
ENG



ოპოზიციამ თბილისში მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები შეათანხმა - უცნობია შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე რეგიონებში

19 ივნ 202020:00
3 წუთის საკითხავი
clock 1089

დედაქალაქის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციამ კანდიდატები შეათანხმა და დღეიდან ფაქტობრივად წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმს იწყებს. რამდენიმე თვიანი კონსულტაციების შედეგს 20-ზე მეტი პოლიტიკური სუბიექტი ისტორიულს უწოდებს.

ვაკე - ელენე ხოშტარია, მთაწმინდა - შალვა შავგულიძე;  გლდანი - ნიკა მელია;  სამგორი - ლევან ხაბეიშვილი;  ისანი - გიორგი ვაშაძე; ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი, - 5 პარტიის 6 კანდიდატი ასე გამოიყურება.

ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ოპოზიციის ერთობას მხარს გირჩიც უჭერს, თუმცა კანდიდატები არ დაუსახელებია. ოპოზიციურ ერთობას გამოეთიშა ალეკო ელისაშვილი. უცნობია, შეთანხმდება თუ არა თბილისის მსგავსად საერთო კანდიდატებზე რეგიონებში ოპოზიცია, დღეს ლიდერები ამბობდნენ, რომ ხალხის დაკვეთა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტია.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრო ეკა ბესელია, რომელიც მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულ კონკრეტულ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, თუმცა დასახელებული მაჟორიტარებიდან ყველას მხარდაჭერას არ აპირებს .

შეხვედრაზე იმყოფებოდა ნინო ბურჯანაძე, რომელმაც თქვა რომ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, თუმცა მისთვის ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია .

ჯერჯერობით უცნობია რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიცია რეგიონებში, ცნობილია ის რომ ნაციონალური მოძრაობა ყველა ოლქში საკუთრი კანდიდატურის დაყენებას აპირებს. განსხვავებული პოზიციები აქვთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიაში, სადაც ერთიანობაზე აკეთებენ აქცენტს .

 


close დახურვა