logo
ENG



მაქარაშვილი: ეს საზოგადოებაა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის მთავარი საფრთხე - 1 წელი 20 ივნისიდან

20 ივნ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და ოკუპაციას ისევ გააპროტესტებენ. "ერთად ოკუპაციის წინააღმდე" - ამ სახელწოდების აქცია პარლამეტის წინ 7 საათზე დაიწყება.  საორგანიზაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისსაც აპროტესტებდნენ რუსულ ოკუპაციას და გავრილოვის ვიზიტს. აქციის ორგანიზატორების თქმით, დღევანდელ აქციაზე იქნება ყველა ის რეკომენდაცია შესრულებული, რომელიც პანდემიის დროს გასცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  თუ ადგილობრივმა ჯანდაცვის სამინისტრომ. როგორც აქტივისტები აცხადებენ, აქციაზე მისულ ხალხს დაურიგდებათ პირბადეები და ხელთათმანები, მათივე თქმით,  დაცული იქნება სოციალური დისტანცირებაც. რუსთაველის გამზირზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ 1 წლის წინ დაზარალებული მოქალაქეებიც.

"გამომდინარე იქიდან, რომ პირველი აქცია იყო ჩემთვის, ეს ბევრჯერ მითქვამს რომ თავდაპირველად არ ვიცოდი, რა აქცია ტარდებოდა. უბრალოდ, ვიცოდი ჩემი დებისგან, რომ იყვნენ რაღაც აქციაზე, ვერ წავედი სახლში, იმიტომ რომ იქ ვიქნებოდი მარტო დაძაბული და მერჩივნა რომ გამოვსულიყავი აქ მათთან. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი რუსულ ოკუპაციას, რადგან ჰქონდა აქამდე ოჯახს შეხება“, - აცხადებს მაკო გომური.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე ექვსი თვეა მწვანე ღობით არის შემოღობილი, როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი, გიგა მაქარაშვილი აცხადებს, ამ ღობით აქტივისტებს საპროტესტო სივრცეს ართმევენ.

„მივიღეთ გამოცდილება, ვისწავლეთ რაღაცეები და ბევრად უფრო გაზრდილია ეს საზოგადოება და ეს საზოგადოებაა ზუსტად მთავარი საფრთხე ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის. მას არ უყვარს განათლებული, გულანთებული, გამოცდილი ადამიანები და სწორედ ამ ხალხში ხედავს მთავარ საშიშროებას. შეიცვალა ის, რომ ღობე დგას აქ, სამარცხვონო ღობე, 6 თვის განმავლობაშ 1400 კვადრატულ მეტრზე ფილების შეცვლა ვერ მოახერხეს და ვითომ შემთხვევით ვერ მოახერხეს, არადა, რეალურად საპროტესტო სივრცეს გვართმევენ“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ოკუპანტი ქვეყნის  დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა. კომუნისტური პარტიის წევრ გავრილოვს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა მიჰყავდა. გავრილოვის მიერ სპიკერის სავარძლის დაკავებამ საზოგადოებაში მწვავე პროტესტი გამოიწვია.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. აქციის დაშლის დროს რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა, მათ შორის იყო მაკო გომურიც. სპეცრაზმელების ტყვიებისგან  დაიჭრა 30-მდე ჟურნალისტი.


close დახურვა