2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური კლიმატი იცვლება და ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს. ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი არჩევნების გამო მომართული უპრეცედენტო საერთაშორისო ინტერესის პირობებში, ნებისმიერი შეცდომა ხელისუფლებისთვის საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს.
სპორტსმენებით დაკომპლექტებული, არაფორმალური ორგანიზებული ჯგუფების მმართველი პარტიის სასარგებლოდ არჩევნების პროცესში ძალადობრივი ჩართულობა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილზე, არაერთხელ გვაქვს ნანახი.
სახელმწიფო ხაზინიდან ჩარიცხული ფული და აჭარის მაღალჩინოსნების მიერ ორგანიზებული კონსპირაციული შეხვედრები პოლიციის მთავარ სამმართველოში. რას სთავაზობდნენ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამა და პოლიციის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი, მოჭიდავეებს არჩევნებზე დახმარების სანაცვლოდ.