logo
ENG



ვირუსის მეორე ტალღა თუ პარტიული ინტერესი - ოცნება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე მუშაობს

22 ივნ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს. „ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე აკრძალვაზე ისაუბრა. პარტიის წევრი ზურა ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია საარჩევნო უბნების გაყოფა, გარკვეულ ტერიტორიაზე შეკრების, აგიტაციის აკრძალვა და ტელეფონის შეტანა, რადგან ამომრჩეველმა მისი არჩევანის დაფიქსირება ვერ შეძლოს. „ევროპულ საქართველოში“ იმასაც აღნიშნავენ, რომ პანდემიიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, პარტიებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის დაშვების უფლება მიეცეთ.

პარლამენტში სამუშაო ჯგუფის 2-საათიან შეხვედრას, რომლის მთავარი თემა არჩევნები და პანდემია იყო „ნაციონალური მოძრაობაც“ ესწრებოდა. მათი აზრით, „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში პანდემია დამატებითი გამოწვევაა რადგან, ხელისუფლება არჩევნების პროცესში მას სათავისოდ გამოიყენებს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები რომ აუცილებელია, ამას აღნიშნავენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ხელისუფლებას ისღა დარჩენია, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ოპოზიციამ კი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებისთვის იბრძოლოს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების შესახებ სპეციალური რეგულაციები შემუშავდება. მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები უახლოეს დღეებში სრულად უნდა ჩამოყალიბდეს.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებზე შეხვედრას საელჩოების წარმომადგენლები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ არჩევნების შეცვლის თარიღზე საუბარი საფუძველს მოკლებულია და კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება წერილობითი რეკომენდაციები. არსებული ინფორმაციით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიმდინარე კვირას დარეგისტრირდება და სავარაუდოდ რიგგარეშე სესიაზე დამტკიცდება.


close დახურვა