პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები არ სჭირდება.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, პირველმა და მეორე მოსმენებმა დაადასტურა, რომ მმართველ გუნდს საკმარისი რესურსი აქვს.
„ქართული ოცნების“ გუნდმა, შეთანხმება რაზეც შედგა ეს პირობა შეასრულა და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საკითხს მეორე მოსმენით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, მათ მონაწილეობის გარეშე დაუჭირა მხარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვქონდა რესურსი როგორც პირველი, ასევე მეორე მოსმენის დროს. ასევე მესამე მოსმენის დროს გვექნება რესურსი, რომ ამ დესტრუქციული, მარგინალური ჯგუფების გარეშე დავუჭიროთ მხარი ცვლილებებს და შევიდეს ძალაში. ამით კიდევ ერთხელ დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის სატელიტებთან ერთად, თითქოს მართლაც სურდათ ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისთვის ემზადებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, თუ მმართველი გუნდი 8 მარტის შეთანხმების იმ პუნქტს შეასრულებს, რაც გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხება.