logo
ENG



დოკუმენტაცია, რომელიც მოვიპოვეთ ბევრ კითხვას სცემს პასუხს - ნოდარ მელაძე სუს-ში მივიდა

24 ივნ 202011:13
3 წუთის საკითხავი
 

„TV პირველის“ მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა. მასთან კითხვები გამოძიებას ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქვს.

როგორც მელაძემ აღნიშნა, სუს-იდან მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც „TV პირველის“ ეთერში ვასამბეკ ბოკოვის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება გავიდა.

„შაბათის ეთერში „ტვ პირველმა" მოამზადა ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა. ეს ეხება გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტს ვასამბეკ ბოკოვს. დოკუმენტაცია, რომელიც მოვიპოვეთ ძალიან დიდი შრომის შედეგად, ზუსტად ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხა არც სუს-მა და არც პროკურატურამ. გუშინ ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ დამიკავშირდა გამომძიებელი და გვითხრა, რომ გაჩნდა კითხვები ჩვენს მიმართ. ჯერ დამირეკეს მე, შემდეგ იყო ზარი გამომძიებელი ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესთან. მოვედით კითხვებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ სუს-შიც კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით და არ გვაქვს ვალდებულება დავასახელოთ წყაროები. ველოდები რა კითხვები ექნება სუს-ს, ეს იქნება მხოლოდ რეპორტაჟზე თუ მის მიღმა“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მან ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ჯერ ეთერში არ გასულა და აღნიშნა, რომ მასში ბევრად უფრო მნიშვნელოვან დეტალებზე იქნება საუბარი. მელაძის განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ვასამბეკ ბოკოვის ძმა სუს-ის მიერ დაკავებულ პირს კადრებში ვერ ცნობს.

„ჩვენს ხელში აღმოჩნდა არამხოლოდ ის დოკუმენტები, რომელიც შაბათს გამოძიების პირველი ნაწილის დროს გავასაჯაროვეთ, არამედ ჩვენს წარმოებაშია ჟურნალისტური გამოძიების მეორე და მთავარი ნაწილი, რომელსაც მაყურებელი ნახავს შაბათს. ამ გამოძიებაში არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ვიდრე ის, რაც უკვე გავასაჯაროვეთ. მთავარი კითხვა, რომელსაც გაეცა პასუხი - არის თუ არა ადამიანი ვასამბეკ ბოკოვი რომელიც ახლა იხდის სასჯელს, რადგან ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან ნახა რამდენიმეჯერ ეს ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გაკეთებულია ქავთარაძის ქუჩაზე და ასახავს მისი ძმის დაკავებას. ეს ვიდეო არის მაღალი გარჩევადობის და ის ამბობს, რომ არც სიმაღლით, არც პარამეტრებით, ეს მისი ძმა არ ყოფილა. ყველაფერი ემთხვევა, მაგრამ ფიზიკურად ეს მისი ძმა არ არის. შესაძლოა, თუ არა ვასამბეკ ბოკოვის ნაცვლად ახლა საპატიმროში იჯდეს სრულიად სხვა ადამიანი და კონსპირაციისათვის, დაქირავებული პირის მიმართ სხვა სახის კონსპირაციები ყოფილიყო გამოყენებული“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.


close დახურვა