თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ის პოლიციელები დაიკითხებიან, რომლებიც ბრალდებულის საკანში მისი პირადის ნივთების ამოღებაში მონაწილეობდნენ.
გიორგი რურუას ადვოკატი, შალვა შავგულიძე განცხადებით, მას აქვს ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რითაც მტკიცდება, რომ გიორგი რურუა წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის კოლექტიური წერილი ევროპარლამენტარებისადმი არის უპასუხისმგებლობა.
„ხელთ მაქვს გამოძების მიერ მოპოვებული ცნობა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან. აქ წერია, რომ ინფორმაცია რურუას პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით არ მოიძებნება - ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას არათუ რურუას ნასამართლეობის, არამედ ოდესმე მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. ასეთ დროს "ოცნების" უმრავლესობის კოლექტიური წერილი ევროპარლამენტარებისადმი, თითქოს რურუას რაღაც დანაშაულებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს უპასუხისმგებლო ქმედებას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან", - აცხადებს შალვა შავგულიძე.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების მიერ ყველაფრის გადაბრალება გიორგი რურუასთვის ხდება, ამიტომ პრობლემები მასთან მიმართებაში არა პროკურატურას, არამედ ქართულ ოცნებას აქვს.
„მე ხელთ მიჭირავს წერილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ გაუგზავნა ევროპარლამენტის წევრებს, სადაც ჩვენ ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში ალბათ რა მკვლელობაც მომხდარა, ყველაფერი დაბრალებულია გიორგი რურუასთვის. ეს არის უტყუარი დადასტურება რომ გიორგი რურუა პოლიტიკურად იდევნება. გიორგი რურუასთან პრობლემა პროკურატურას კი არ აქვს, „ქართულ ოცნებას“ აქვს“, - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი კი აცხადებს, რომ დაცვის მხარეს შეკითხვები ექნება გამომძიებელთან, რომელმაც გიორგი რურუას საკანში ჩაატარა ჩხრეკა.
„დაიკითხება პოლიციიის თანამშრომლები და ის გამომძიებელი, ვინც შეადგინა ოქმი და მიუთითა, რომ ჩხრეკა და ამოღება ნივთების ჩატარდა მშვიდ გარემოში. ციხის საკნის კამერიდან ამოღებული დასტურდება რომ მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. ამიტომ ოქმის შემდგენ პირთან გვექნება კითხვები", - ამბობს ლევან სამუშია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა ნოემბრის აქციების შემდეგ დააკავეს - მას ბრალდება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.