logo
ENG



სალაძე - ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში კლანის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა

25 ივნ 202021:52
3 წუთის საკითხავი
 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ, სოფო ზურაბიანის გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის, ვასილ როინიშვილის შესახებ ისაუბრა.

როგორც სალაძემ აღნიშნა, როინიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო და უფლებამოსილების ვადის გაგრძელების სურვილიც ჰქონდა, მოულოდნელად, ე.წ. კლანის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდა.

„ერთი საინტერესო დეტალი მინდა გითხრათ ერთ-ერთ მოსამართლესთან დაკავშირებით, რომელიც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. ვგულისხმობ ბატონ როინიშვილს. ჩვენი ინფორმაციით, როდესაც მას უფლებამოსილების ვადა ამოწურული ჰქონდა და რამოდენიმე ასეული საქმე ეწერა განსახილველად, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე თავად შუამდგომლობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომ მისთვის სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა გაგრძელებულიყო. ამ ფონზე, უცებ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ის გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. თუ იქ უნდა ყოფილიყო და ითხოვდნენ გაგრძელებას ვადის, რატომ უდნა აღმოჩენილიყო უცებ საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ბატონ როინიშვილს განსაკუთრებული სურვილი ჰქონდა, უბრალოდ კლანმა გადაწყვიტა, რომ აქ ყოფილიყო“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 29 მაისს დანიშნა. ის უფლებამოსილების განხორციელებას 17 ივნისს, ფიცის დადების შემდეგ შეუდგა. როინიშვილი 2009 – 2020 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. სხვადასხვა დროს იკავებდა წამყვან პოზიციებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა მერაბ ტურავა აირჩია. ის თანამდებობას მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაიკავებს.


close დახურვა