„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პრემიერ-მინისტრის ანგარიშს კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ 20 ივნისი მოხსენებაში არც ერთხელ არ იყო ნახსენები.
მისი განცხადებით, ხელისუფლებამ 20 ივნისს რუსი დეპუტატი გავრილოვი ოკუპაციის კანონის დარღვევით ქვეყანაში შემოუშვა, ახალგაზრდებს რეზინის ტყვიებით თვალები დათხარა და ძალის გამოყენებით აქციის დარბევა დაიწყო.
ოთარ კახიძე ასევე დაინტერესდა, იღებს თუ არა პრემიერი პასუხისმგებლობას 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე.
„ბატონო გიორგი, ყურადღებით გისმენდით ანგარიშის პრეზენტაციის დროს და არც ერთხელ არ გიხსენებიათ 20 ივნისი. დაგავიწყდათ ეს დღე? ამოიღეთ კალენდრიდან თუ იქიდანაც ამოშალეთ? ანუ, 2019 წელს არ მოხდა ეს მოვლენები, თუ ის დაგავიწყდათ, ამ თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდით? თუ დაგავიწყდათ, გაგახსენებთ, რომ ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, შს მინისტრი, როდესაც იყავით, ოკუპაციის კანონის დარღვევით შემოუშვით გავრილოვი, მერე სამართლიანად აღშფოთებულ ჩვენ მოქალაქეებს პარლამენტის შენობის გარეთ თქვენი პოლიციის დანაყოფები დაუყენეთ, რითიც პირდაპირ ფიზიკური კონტაქტის პროვოცირება მოახდინეთ, მერე ძალის გამოყენებას რომ აპირებდით, ამის გაფრთხილების ნაცვლად პირიქით მოქალაქეებს უთხარით, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება თქვენი წინამორბედის ხელწერააო და ამის შემდგომ დაიწყეთ რეზინის ტყვიების და ცრემლმდენი გაზის ჭურვების სროლა. ესროდით მომიტინგეებს, რომლებიც არათუ პოლიციასთან კონტაქტში არ იყვნენ, არამედ საერთოდ ვერც ხედავდნენ პარლამენტის კიბეებს. ამის შემდეგ გააჩაღეთ ნადირობა მომიტინგეებზე, რომლებიც გავრილოვის ჩამოყვანას და შეურაცხყოფას აპროტესტებდნენ. ამ ყველაფრის შემდგომ არ ახსენებთ თვალებდათხრილ ახალგაზრდებს მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს და მაინტერესებს, დაგავიწყდათ ამ დღეს რაც მოხდა?“, - განაცხდა ოთარ კახიძემ.
პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია იმართება. პრემიერის განცხადებით, ის ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამედ გამოცხადდა პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება.