logo
ENG



ფრენების აღდგენა მთავრობამ ერთი თვით გადადო - რა არგუმენტი აქვს ხელისუფლებას

26 ივნ 202020:44
3 წუთის საკითხავი
clock 1226

საერთაშორისო ფრენების აღდგენა მთავრობამ დაანონსებული პირველი ივლისიდან ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადაწია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენეს. ეკონომიკის მინისტრი მიღებულ გადაწყვეტილებას მომატებული რისკით ხსნის.

ევრონიუსი კი ავრცელებს იმ ქვეყნების სიას, რომელთაც პირველი ივლისიდან ავიამიმოსვლას გაუხსნის ევროპა, ჩამონათვალში არის საქართველოც. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაადასტურა, რომ ფრენების აკრძალვა კიდევ 1 თვით გახანგრძლივდა. მთავრობის დაპირება, რომელიც პირველი ივლისიდან ფრენების აღდგენას გულისხმობდა, კვლავ დაპირებად დარჩა. დღევანდელი ინფორმაციით, საერთაშორისო ფრენები პირველი აგვისტოდან აღდგება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ეკონომიკას წირავს. მათთვის გაუგებარია, რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება.

ევრონიუსის გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც რეგულირებული ფრენები უნდა აღდგენილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ სიის გამოქვეყნებამდე ევროკავშირს დაასწრო და ფრენებზე პირველი ივლისიდან უარი განაცხადა. ამ საკითხზე ოპოზიციამ კითხვები პრემიერ მინისტრსაც დაუსვა.

პრემიერ მინისტრმა ოპოზიციას კითხვები დაუწუნა და კრეატიულობისკენ მოუწოდა. გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოებას დაუკავშირა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო, თუმცა რატომ დადო მთვარობამ პირობა, რომ ავიამიმოსვლა აღდგებოდა, უცნობია

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით დიდი ალბათობით ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სიაში საქართველო მოხვდა, თუმცა რეგულარული ფრენების გადადება ეპიდსიტუაციის გართულების თავიდან ასარიდებლად მიიღეს. ფინანსთა მინისტრს კი მიაჩნია, რომ რისკი უფრო მაღალია ვიდრე იმ ტურისტების რიცხვი, რომლებიც საქართველოში შესაძლოა შემოვიდნენ.

დანამდვილებით არაა ცნობილი, გაიხსნება თუ არა ცა ევროპისთვის აგვისტოდან თვიდან. ევროკავშირი გზას უკვე ხსნის, თუმცა საქართველო კიდევ ერთი თვით კეტავს.


close დახურვა