საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ნოდარ ხარშილაძე აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში ცვლილებების ინიცირებას ეხმაურება. ხარშილაძე აცხადებს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა დღეს ძალიან დაბალ წერტილზეა და ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
ხარშილაძე 8 მარტის შეთანხმების აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამერიკელები აკვირდებიან იმას, თუ როგორ რეაგირებს ხელისუფლება შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, მმართველი გუნდის რეაგირება ამ საკითხზე არაადეკვატურია.
„არასოდეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობა არ ყოფილა ასეთ დაბალ წერტილზე. არასოდეს არ ყოფილა ფაქტი, როდესაც ამერიკის ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსები ეუბნებიან საქართველოს, რომ წელს შეიძლება დახმარება საერთოდ ვეღარ მივიღოთ. საქართველოს თავდაცვას შეიძლება შეუწყვიტონ დახმარება. შეგახსენებთ თავდაცვის სამინისტროში დახმარებაში ვარდიკო ნადიბაიძესთანაც თანამშრომლობენ ამერიკელები, რომელიც საბჭოთა ოფიცერი იყო, კაპიტალისტები არ უყვარდა და ამერიკელებს რუსულ ენაზე ელაპარაკებოდა. ძალიან დიდი დამსახურებაა „ქართული ოცნების“, რომ აქამდე მიიყვანა ეს ურთიერთობა. 8 მარტის შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამერიკელები აკვირდებიან იმას, თუ რა რეაგირებას ახდენს ჩვენი ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით და რეაგირება არის აბსოლუტურად არაადეკვატური“, - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა ეროვნული თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილება მოამზადა.
ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, 8 მარტის შეთახმებასა და გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნას ეხება.
8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორები აშშ-ის, ევროკავშირის, გერმანიის საელჩოები იყვნენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება.
შესწორებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დაპირებულ რეფორმებს განახორციელებს.
