
ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნაზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press, ბრიუსელში არსებულ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, არაწევრი ქვეყნების სიაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ბრიუსელში ვარაუდობენ, რომ სიაში არ შევა ამერიკის შეერთებული შტატები, ეს კი, ქვეყანაში არსებულ კოვიდსტატისტიკას უკავშირდება.
AP წერს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება ცალკეულ ქვეყნებში 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი.
გამოცემა ასევე იტყობინება, რომ ქვეყნების სია 14 დღეში ერთხელ განახლდება და მასში შესაძლოა სხვა ქვეყნებიც შევიდნენ, სიაში ცვლილებები კი, ქვეყნებში არსებულ ვირუსის გავრცელების მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
მედიის ცნობით, საბოლოო კრიტერიუმებზე ევროგაერთიანება ორშაბათს და სამშაბათს შეთანხმდება.
სიაში შესული სახელმწიფოების მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობა 1-ლი ივლისიდან, კარანტინის გარეშე, შეეძლებათ.
შეგახსენებთ, ფრანგული გამოცემა "ლე მონდმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო ევროკავშირის ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა.
მანამდე ანალოგიური ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით "ევრონიუსმა" გაავრცელა. "ევრონიუსი" წერს, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელსაც ევროკავშირი საზღვრებს უხსნის.