logo
ENG



საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო გარემოს ხელშესაწყობად აქტივისტები და მედია Facebook-ს მიმართავენ

29 ივნ 202010:57
3 წუთის საკითხავი
 
npgnodbg415fdms.jpg

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება Facebook-ს ღია წერილით მიმართავს. მედია და აქტივისტები, მათ შორის "ფორმულა", Facebook-ის ადმინისტრაციას სთხოვენ, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნებზე დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს. 

"საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კონტექსტში პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებისა და უცხო ქვეყნის აქტორების მიერ „ფეისბუქზე“ დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოყენებით თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობებზე, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და საქართველოს დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.

კერძოდ:რაც შეიძლება მალე ხელმისაწვდომი გახდეს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოში, ისევე როგორც ეს მოხდა 2019 წელს უკრაინაში და ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნების წინ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს რეკლამის დამკვეთის/გადამხდელის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, თითოეული რეკლამისთვის დახარჯული თანხის ოდენობა და ვალუტა, რეკლამის განთავსების პერიოდი, ასევე, პოსტის გავრცელების გეოგრაფიული არეალი და დემოგრაფიული დიაპაზონი.

უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა საარჩევნო პერიოდში არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამოსავლენად და მასში ჩართული ანგარიშების პლატფორმიდან დროულად წასაშლელად.

კოორდინირებული საეჭვო ქცევის გამოვლენისა და შესაბამისი ქსელების წაშლის შემდგომ, ამ ანგარიშების მიმდევრებსა და მომწონებლებს „ფეისბუქმა“ შეტყობინებით უნდა აცნობოს, რომ შესაბამისი ანგარიში წაიშალა კოორდინირებული საეჭვო ქცევის გამო.

„ფეისბუქმა“ უნდა განავითაროს და გააღრმავოს თანამშრომლობა შესაბამისი რეპუტაციის მქონე მიუკერძოებელ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც სოციალური მედიის მონიტორინგსა და ფაქტების გადამოწმებაზე მეთოდოლოგიურად მუშაობენ და უზრუნველყოს მათ მიგნებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.

აიკრძალოს პოლიტიკური რეკლამების მიკროტარგეტირება მომხმარებლის ქცევის მიხედვით. აიკრძალოს უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან პოლიტიკური რეკლამის განთავსება.

„ფეისბუქმა“ უნდა აამაღლოს გვერდების გამჭვირვალობის სტანდარტი და გაასაჯაროვოს გვერდების დადასტურებულ მფლობელთა შესახებ ინფორმაცია. ამასთან, კვლავ საჯარო უნდა იყოს „ფეისბუქ“ გვერდების ადმინისტრატორების რაოდენობისა და ლოკაციის, ასევე გვერდების სახელების ცვლილების შესახებ ინფორმაცია.

„ფეისბუქმა“ უნდა შემოიღოს ფაქტების გადამოწმების უფრო მკაფიო მონიშვნის შესაძლებლობა და ამისთვის ითანამშრომლოს IFCN-ის მიერ აკრედიტირებულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან საქართველოში. 

როგორც თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, თქვენ გჯერათ, რომ დემოკრატიის პირობებში, მნიშვნელოვანია ხალხმა ნახოს და მოისმინოს რას ამბობენ პოლიტიკოსები და ამის საფუძველზე თავად გააკეთონ დასკვნები. თუმცა, საქართველოში მიმდინარე ანონიმური, კოორდინირებული დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის პირობებში მოქალაქეები შეცდომაში შედიან, რითაც მათ ერთმევათ ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობაც, საკუთარი შეფასებების საფუძველზე ჩამოიყალიბონ პოლიტიკური შეხედულებები - ეს კი, თქვენი ფორმულის მიხედვით, დემოკრატია აღარ არის, ხოლო ჩვენ გვჯერა, რომ „ფეისბუქი“ დემოკრატიის მხარეს დადგება.

იმედი გვაქვს, „ფეისბუქის“ მხრიდან დროული რეაგირება და ამ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის ქართული დემოკრატიისა და 2020 წლის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების დაცვას ქვეყნის შიგნით თუ გარედან მომდინარე გამოწვევებისგან", - ნათქვამია განცხადებაში. 

მიმართვას ხელს აწერენ: "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED); "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS); "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"; "მედიის განვითარების ფონდი" (MDF); "მოძრაობა „სირცხვილია“; "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI); ონლაინგამოცემა "პუბლიკა" - publika.ge; "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი"; "მწვანე ალტერნატივა"; "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" "ტელეკომპანია ფორმულა" და სხვები.  


close დახურვა