logo
ENG



საელჩოები: 8 მარტის შეთახმების შესრულება კვლავ გადამწყვეტია კანონის უზენაესობის მისაღწევად

29 ივნ 202016:58
3 წუთის საკითხავი
clock 699
ukrqzf3h8mc6js7.jpg

საელჩოები საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორები საქართველოს პარლამენტს ცვლილებების მიღებას ულოცავენ და აღნიშნავენ, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად.

განცხადებას "ფორმულა" უცვლელად გთავაზობთ:

"გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში].

ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

დაბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას - ოპოზიციური პარტიები ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად მთავარი არხის თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ასახელებდნენ. 

რურუა დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე პატიმრობაში დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საქართველომ პირველ მოსმენაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირა. 

შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება 8 მარტს შედგა. შეთანხმების ერთი ნაწილი საარჩევნო სისტემის ცვლილებებსა და მანდატების 120/30-ზე გადანაწილებას ეხებოდა, ხოლო მეორე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიის წევრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა.


close დახურვა