logo
ENG



ბოკერია: ვინმეს რომ ეთქვა, ივანიშვილის კლოუნები იზეიმებენ პროპორციულს, შეიძლება ვიღაცას გაეცინა

29 ივნ 202016:54
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ მმართველმა გუნდა ხსენებული ცვლილებებს საკუთარ წარმატებად არ უნდა გაასაღოს. 

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საზოგადოების მოთხოვნა სრულ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა იყო, თუმცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დეპუტატის თქმით, 8 მარტის შეთანხმება იქამდე არ ჩაითვლება შესრულებულად, სანამ გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. 

„ეს არის გონივრული კომპრომისი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილს და მის რეჟიმს. კომიკურია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის გამარჯვებას ზეიმობს დღეს, მაგრამ სერიოზული ნაწილია ის, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც უკეთესი იყო დღევანდელ რეალობაზე, მაგრამ ეს საკითხი დამთავრებული არ არის. ასეთი მავნებლური და სამარცხვინო ხელისუფლების დროსაც კი, გონივრული მოქმედება იძლევა შედეგებს და ეს შედეგია დღეს. ვინმეს რომ ეთქვა ერთი წლის წინ, ივანიშვილის პოლიტიკური „კლოუნები“ იზეიმებდნენ პროპორციული არჩევნების მიღებას და გამოაცხადებდნენ ოპოზიციაზე გამარჯვებად, შეიძლება ვიღაცას გაეცინა", - განაცხადა ბოკერია. 

ცნობისთვის, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული წესით ჩატარება მმართველი გუნდის დამსახურებაა

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დღეს, 29 ივნისს, მიიღო. 

8 მარტის შეთანხმება რთული პოლიტიკური პროცესის შედეგი იყო. მანამდე, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა ქართული ოცნების მიერ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებამ გაზარდა. ხსენებული დაპირების გაცემა მმართველ გუნდს მას შემდეგ მოუწია, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოს პარლამენტში ვიზიტსა და აქციის დარბევას საზოგადოებრივი მღელვარება და პერმანენტული აქციები მოჰყვა.

8 მარტის შეთანხმების ტექსტის მიხედვით, ახალი საარჩევნო სისტემა იმოქმედებს 2020 წლის არჩევნებზე, ასევე პირველ ვადამდელ არჩევნებზე, მისი დანიშვნის შემთხვევაში. ყველა მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, როგორც ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაა განსაზღვრული.

close დახურვა