რატომ შეუჩერეს სანოტარო საქმიანობა ბაჩანა შენგელიას და არის თუ არა კანონიერი მის მიმართ დაწყებული დისციპლინარული საქმის წარმოება, დღეს გახდება ცნობილი. სასამართლოს გადაწყვეტილებას შენგელია სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროებს.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ცენზურის დაკანონების რეალური საფრთხე არსებობს.
„მე გავაკეთებ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას. სასამართლოში გვქონდა აღნიშნული აქტი და შესაბამისად, უკვე ხელთ მექნება გადაწყვეტილება სასამართლოსი და მედიის საშუალებითაც გავავრცელებთ. რაც შეეხება ჩემი პროგრამის გამორთვას, რომელიც უკანონოდ განახორციელა იუსტიციის სამინისტრომ. არსებობს რეალური საფრთხე, რომ ამ ქვეყანაში ცენზურა დაკანონდეს და შესაბამისად, თუკი ვინმე ხმას აიმაღლებს აღნიშნულთან დაკავშირებით და ამ ფორმატში თუ კიდევ დამატებით კითხვებს დასვამს, რაც ამ საქმეს ნათელს მოჰფენს, მე მივესალმები და მადლობას გადავუხდი“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა 18 ივნისს შეუჩერდა - ხოლო 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.
შენგელია სანოტარო საქმიანობის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად მიიჩნევს. 2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და "მძიმე დარღვევები" გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლის ამბებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.
