logo
ENG



პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო - არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება

29 ივნ 202013:20
3 წუთის საკითხავი
clock 3936

2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილებებს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილების მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

აქამდე მოქმედი სისტემით საქართველოს პარლამენტი 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატისგან კომპლექტებოდა. 2020 წლის არჩევნებზე მოსახლეობა 30 მაჟორიტარს აირჩევს, რაც არჩევნებს მეტად პროპორციულად აქცევს.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი იქნება. ასევე გათვალიწინებულია ე.წ. "ჩამკეტი", რაც იმას ნიშნავს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია ან ბლოკი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას - ოპოზიციური პარტიები ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად მთავარი არხის თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ასახელებდნენ. რურუა დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე პატიმრობაში დატოვეს.

ევროპულმა საქართველომ, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, ცვლილებებს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა. პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ ამ გზით ხელისუფლებას რეფორმის მორიგ ჯერზე ჩაგდების შესაძლებლობას არ მისცემდნენ და 8 მარტის შეთანხმებას სრულად შესრულების პერსპექტივას შეუნარჩუნებდნენ. შემდგომ კენჭისყრებში პარტიას მონაწილეობა აღარ მიუღია.

საარჩევნო სისისტემის ცვლილება სწორედ 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ელჩებისა და დიპლომატების ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ორ ნაწილს მოიცავდა: არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემასთან დაახლოებასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ხელისუფლება შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი უკვე შეიწყალა. ოპოზიციის თქმით, მესამე პატიმარი, რომლის გათავისუფლებას შეთანხმება ითვალისწინებდა, გიორგი რურუაა.

ამ დრომდე მმართველ გუნდს არა ერთმა სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან. 

მხარეებს შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებდნენ დიალოგის ფასილიტატორები.

8 მარტის შეთანხმება რთული პოლიტიკური პროცესის შედეგი იყო. მანამდე, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა ქართული ოცნების მიერ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებამ გაზარდა. ხსენებული დაპირების გაცემა მმართველ გუნდს მას შემდეგ მოუწია, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოს პარლამენტში ვიზიტსა და აქციის დარბევას საზოგადოებრივი მღელვარება და პერმანენტული აქციები მოჰყვა.

8 მარტის შეთანხმების ტექსტის მიხედვით, ახალი საარჩევნო სისტემა იმოქმედებს 2020 წლის არჩევნებზე, ასევე პირველ ვადამდელ არჩევნებზე, მისი დანიშვნის შემთხვევაში. ყველა მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, როგორც ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაა განსაზღვრული.

 

 


close დახურვა