logo
ENG



ზურაბიშვილი: ამერიკა საქართველოს გვერდში დგას და ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერს

04 ივლ 202011:19
3 წუთის საკითხავი
 
d7g1nks8wwoue0p.jpg

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები აერთიანებს.

„244 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა  დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე. ეს დღე ნებისმიერი ერის ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, არა მხოლოდ სიმბოლიკით, არამედ მატარებელია იმ ღირებულებების, რომლის ირგვლივაც ერი ერთიანდება.

ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია - ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც ასევე გვაერთიანებს ამერიკასთან და რომელსაც ვიზიარებთ სრულიად. ეს ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ჩავწერეთ ყველა ჩვენს კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის შემდგომ, რომლითაც მივდივართ ჩვენი განვითარების გზაზე. თითქმის 30 წლის გზაზე ამერიკა საქართველოს გვერდში დგას და მხარს უჭერს ჩვენს  ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ჩვენი სამხედროების განვითარებას, მათ როლს თუნდაც უცხო მისიებში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად. ეს არის ის ერთობლივი სოლიდარული გზა, რაც გავიარეთ აშშ-სთან ერთად“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიო უხილავი მტრის წინაშე იბრძვის, ამიტომ გლობალური სოლიდარობა აუცილებელია.

„დღევანდელ დღეს მსოფლიო დგას კიდევ ახალი გამოწვევის წინაშე. უხილავი მტერი გვყავს და ამ გლობალური საფრთხის წინაშე გლობალური სოლიდარობა არის აუცილებელი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აშშ-ის როლი იყო და არის გადამწყვეტი. ვიცით, რა პოზიტიური როლი ითამაშა ჩვენთან აშშ-ის მიერ დაარსებულმა ლუგარის ცენტრმა, თუ რა როლი ითამაშა ჩვენსა და ამერიკელ ექიმებს შორის თანამშრომლობამ. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის ფინანსური დახმარება, იმისთვის, რომ საქართველომ გაუწიოს წინააღმდეგობა არა მხოლოდ პანდემიას, არამედ შემდგომ ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთმხრივი სოლიდარობა. ჩვენც ვიცით, რომ ამერიკა დგას დღეს ძლიერი გამოწვევის წინაშე, ძლიერი ეკონომიკური და სოციალური კრიზისია პანდემიასთან ერთად. მე მინდა, კოვიდის პანდემიის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს თანავუგრძნო. მინდა, გამოვუცხადო თანადგომა მთლიანად ამერიკას და ამერიკელ ხალხს, გამოვხატო რწმენა და იმედი, რომ ჩვენ ერთად ამ კრიზისის შემდეგ ვიქნებით უფრო ძლიერი, ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამარჯვება. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ასევე დღევანდელი დღე მივულოცო ქართველებს, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკაში და ამერიკას თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს აღნიშნავს. 


close დახურვა