logo
ENG



ტატიაშვილის ადვოკატი: არ გამოვრიცხავ, რომ შაქარაშვილის ცხედარი მერე მოიტანეს და წყალში ჩააგდეს

06 ივლ 202017:03
3 წუთის საკითხავი
 
sdlqstxiw1x9x84.jpg

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, გიგა ტატიშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შაქარაშვილის ცხედარი წყალში მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ჩაეგდოთ.

როგორც გიორგი ყიფშიძე განმარტავს, გარდაცვლილის სხეულზე წყლის ზემოქმედება შესამჩნევი არ იყო.

„როდესაც მე ვათვალიერებდი გარდაცვლილის ფოტოსურათებს, რეალურად, ერთი საგულისხმო მომენტი ის იყო, რომ თვითონ წყლის ზემოქმედებამ და გარკვეულწილად ამ შემთხვევაში მისი სხეულის მდგომარეობამ, რაღაც ეჭვი გამიჩინა, რომ შესაძლებელია ის 4 დღე წყალშიც არ ყოფილიყო.

წყლის ზემოქმედება არ იყო შესამჩნევი და ამავე დროს არ არის გამორიცხული ჩემი შეხედულებით ის, რომ შესაძლებელია დავუშვათ 19-ში კი არ მოხდა და 18-ში კი არ ჩააგდეს წყალში ეს ადამიანი, შესაძლებელია მერე მოიტანეს და მერე ჩააგდეს, არც ამას არ გამოვრიცხავ“,-აცხადებს გიორგი ყიფშიძე, რუსთავი 2-ის „დღის კურიერის“ ეთერში.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი  რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 

 


close დახურვა