რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი ოფიციალურად დატოვეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სომხური მხარისთვის გადაბარების შესახებ პროტოკოლს ხელი ზვარტნოცის აეროპორტში მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილების ძალების მეთაური, ედგარ უნანიანი და სომხეთში რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რომან გოლუბიცკი.
პროტოკოლში აღნიშნულია, რომ "სომხური მხარე რუსეთს ხანგრძლივი ერთობლივი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს".
რუსი მესაზღვრეები ზვარტნოცის აეროპორტში სომეხ მესაზღვრეებთან ერთად 1992 წლიდან იმყოფებოდნენ.
რუსი მესაზღვრეების ზვარტნოცის აეროპორტიდან გაყვანის ინიციატივა სომხურ მხარეს ეკუთვნის. მიმდინარე წლის 6 მარტს სომხეთმა რუსეთში ოფიციალური წერილი გაგზავნა, რომელშიც ზვარტნოცის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვდა.
1992 წლის 30 სექტემბერს ერევანში ხელი მოაწერეს საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც რუსი მესაზღვრეები ზვარტნოცის აეროპორტში იმყოფებოდნენ.