logo
ENG



კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინიციატივა შესაძლოა კავკასუს ონლაინის შესაზღუდად იყოს დაწესებული

07 ივლ 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

არის თუ არა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სამიზნე კონკრეტულად კავკასუს ონლაინი - „ფორმულას“ ინფორმაციით, სამოქალაქო სექტორში ცენზურის მცდელობად შეფასებული საკანონმდებლო ინიციატივა, სწორედ მარეგულირებელსა და უმსხვილეს ინტერნეტ პროვაიდერს შორის არსებული დავის გაგრძელებაა და მიზნად ბაზრიდან კავკასუსის გასვლას ისახავს. 

შედეგად მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი ხარისხიან, ევროპულ ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას დაკარგავს. ევროპა-ჩინეთის დამაკავშირებელი ხაზი კი შესაძლოა, რუსეთზე დამოკიდებული გახდეს. საკანონმდებლო ცვლილებებს წინ უძღოდა სოლიდური სანქციის დაკისრება მარეგულირებელის მიერ კომპანიის წინააღმდეგ. ექსპერტების აზრით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ინტერესებშია კავკასუსის საკუთრებაში არსებული შავი ზღვის ოპტიკური კაბელი დაიბრუნოს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომპანია კავკასუს ონლაინს რამდენიმე თვე წილების გასხვისების გამო ედავება. კომისიაში ამბობენ, რომ ტრანზაქცია უკანონო იყო. კომპანიას ოფშორში რეგისტრირებული მფლობელი ჰყავს, კომისიაში კი ამბობენ, რომ 5 პროცენტზე მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში, ნებართვა მარეგულირებლისგან უნდა აეღო. ამის შემდეგ მარეგულირებელმა კომპანია დააჯარიმა და ავტორიზაციის შეჩერებითაც დაემუქრა. კომპანიის 49 პროცენტიანი წილი ახლა აზერბაიჯანის მოქალაქის ნასიბ ჰასანოვის კუთვნილებაა, 51 პროცენტიანი წილი კი ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის.


close დახურვა