ტენდერის მოგება პარტიის დახმარების სანაცვლოდ, - სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვებით "ოცნების" შემომწირველებთან 45 მილიონ ლარზე მეტის კონტრაქტები გააფორმა. მონაცემები საერთაშორისო გამჭვირვალობამ 21 კონკრეტული შესყიდვის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა და კორუფციის შესაძლო რისკების შესწავლას მოითხოვს.
პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მომზადებულ კვლევაშია 2 ისეთი შესყიდვაც, როდესაც კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ქართული ოცნების შემომწირველებმა დღეს "ფორმულასთან" მოგებულ ტენდერებზე საუბარი არ ისურვეს.
"ფორმულანიუსის" გადამღებ ჯგუფს დღეს იმ კომპანიების კარი დაუკეტეს, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის დროს ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში გაიმარჯვეს. მათ შორის იყო შპს ,,ინ-სი'', რომელმაც თბილისის განვითარების ფონდის მიერ 24 მარტს გამოცხადებული ტენდერი მოიგო. კომპანიის დირექტორი, ზვიად თოიძე, რომელსაც 2016 წლის ოქტომბერში ქართული ოცნებისთვის 50.000 ლარი აქვს შეწირული, კამერებთან არ გამოჩნდა.
საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ შეისწავლა. პანდემიის პერიოდში, გამარტივებული შესყიდვის გზით, ჯამში 45 მლნ ლარამდე ღირებულების 68 კონტრაქტი, სწორედ იმ 25-მა კომპანიამ მიიღო, რომლებიც ,,ქართული ოცნების'' მსხვილი შემომწირველები არიან.
საგანგებო მდგომარეობის დროს ყველაზე მეტი, ჯამში 108 მილიონ 500 000 ლარის ღირებულების ტენდერი, თბილისის მერიამ გამოაცხადა. მერიასთან ერთად , მისივე დაქვემდებარებულმა უწყებებმა კი 189 მლნ ლარის ტენდერები გამოაცხადეს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პანდემია მმართველმა გუნდმა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდშიც და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ისეთი მსხვილი უწყებები, როგორებიცაა მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. ეს კი კორუფციული რისკების კონტროლს კიდევ უფრო ართულებს.
