დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე დეპუტატები დაჩქარებული წესით კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც კომუნიკაციების კომისიას შეეხება. დოკუმენტის მიხედვით, მარეგულირებელ ორგანოს შესაძლებლობა ექნება, ორგანიზაციებში, მათ შორის ტელევიზიებში საკუთარი წარმომადგენელი დანიშნოს. სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც ესწრებიან.
ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის თქმით, კანონპროექტი უნდა გაიწვიონ, რადგან ასეთი ტიპის კანონების მიღება აქტორებთან კომუნიკაციის, ფართო დისკუსიისა და ჩართულობის გარეშე უნდა მოხდეს.
„დღევანდელი მოთხოვნა მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების არის ის, რომ კანონის გაწვევა მოხდეს. კანონის მიღება დაჩქარებულად და გაუმჭვირვალედ მიქნა ინიცირებული. ეს კანონი იმდენად მნიშვნელოვანია სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიისთვის, რომ ასეთი ტიპის კანონების მიღება უშუალოდ აქტორებთან კომუნიკაციის, ფართო დისკუსიისა და ჩართულობის გარეშე არის მიუღებელი“, - აცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური ზუკა გუმბარიძე.
ტელეკომპანია „პირველის“ კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე კი აცხადებს, რომ კანონპროექტი ბიზნესის და კომერციული საქმიანობის პრინციპებს არღვევს, ამიტომ კანონში ამგვარი ცვლილებების მიღება დაუშვებელია.
„საერთოდ დაუშვებელია ამგვარი ცვლილებების შეტანა ორივე კანონში, განსაკუთრებით მაუწყებლობის შესახებ კანონში. უნდა გამოიხმოს პარლამენტმა ჩვენი პოზიცია ეს არის. საერთოდ ამ ფორმით ეს კანონპროექტი განხილვაზეც კი არ უნდა გავიდეს.
ბიზნესის პრინციპებს არღვევს, რატომ უნდა შევიდეს რომელიმე დანიშნული მმართველი რომელიმე მარეგულირებელი კომისიის მიერ, რომელიმე ბიზნესში. ეს არის წარმოუდგენელი. საერთოდ კომერციული საქმიანობის პრინციპებსაც კი არღვევს“, - განაცხადა ნანა აბურჯანიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა - შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.
კანონში შესატანი ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას იმ შემთხვევაში მისცემს მმართველის დანიშვნის უფლებას, თუკი დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, ორგანიზაცია ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.