"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯს გადადგამს, ეს მმართველი გუნდის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი - გიორგი რურუას გათავისუფლება, ამ დრომდე შეუსრულებელია.
"ირაკლი ოქრუაშვილის საქმე და სხვა ბევრი საქმე იყო დაკავშირებული პოლიტიკურ დაკვეთასთან და იმ პოლიტიკურ კლიმატთან, რომელიც იყო ქვეყანაში. ივანიშვილმა გადააგდო საზოგადოება, მოატყუა ყველა და დაგვემუქრა, რომ ახლა ყველანი ციხეში ჩაჯდებით. ამის შემდეგ იყო 8 მარტის შეთანხმება საზოგადოების და საქართველოს მეგობრების წინაშე. დოკუმენტის არსი იყო, რომ ამ ტიპის საქმეები უნდა შეჩერდეს. ძალიან მძიმე იქნება, თუ ამ ნაწილში კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ და ისევ დაარღვევენ შეთანხმებას, იმის ფონზე რომ რურუა გათავისუფლებული არ არის. ეს კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზის და ივანიშვილის ხელისუფლებას კიდევ უფრო მძიმე ბედს უქადის", - განაცხადა გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.
როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მმართველი გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა.
პარტიები აგრეთვე გიორგი რურუაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მისი გათავისუფლება კანონის უზენაესობის თვალსაზრისით პრინციპული საკითხია.
