თელავის მოსახლეობა წლებია წყლის პრობლემის მოგვარებას მოითხოვს, თუმცა უშედეგოდ. ტურისტულ ქალაქში ადგილობრივებს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, პრობლემაა მუნიციპალური ტრანსპორტი, გზები და სარწყავი არხების მოწყობა. მერიის ბიუჯეტის 35% პროცენტი ანუ 9 მილიონზე მეტი მერიამ მხოლოდ აიპებს გამოუყო, ტრანსპორტისა და წყლის სისტემების განვითარებისთვის კი 2 მილიონ 800 000 ლარზე მეტი ვერ გამოყო.
აიპი არაკომერციული იურიდიული ორგანიზაცია, რომელსაც ბიუჯეტი არჩენს და ხელისუფლებისთვის საარჩევნოდ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსია. ამ მხრივ, გამონაკლისი არც თელავის მუნიციპალიტეტია. რეგიონში 18 აიპია, რომელშიც 1 400-მდე ადამიანია დასაქმებული, მათგან 14 აიპი მხოლოდ კულტურისა და სპორტის სფეროს ეხება. მათი დაფინანსება საარჩევნო წელს რამდენიმე ასეული ათასი ლარით გაიზარდა.
ადგილობრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ები, ძირითადად, პარტიული აქტივის დასასაქმებლად შეიქმნა, რომელსაც ქართული ოცნება ტრადიციულად წინასაარჩევნოდ, შავი საქმისთვის გამოიყენებს.
კულტურის სფეროს ა(ა)იპ-ებს შორისაა „კულტურის ცენტრი", 174 თანამშრომლით. ამას გარდა, ცალკეა 5 მუსიკალური სკოლა, სამხატვრო სკოლა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, ცეკვის და სიმღერის ანსამბლები. მხოლოდ „კულტურის ცენტრის" წლევანდელი ბიუჯეტი მილიონ ლარზე მეტია, აქედან ნახევარ მილიონზე მეტი ხელფასებისთვისაა გამოყოფილი.
