„დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა იმიტომ არის საჭირო, რომ საეჭვო რაღაცები ჩანს”, - ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მისი შვილი სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ძებნისას გზაზე, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დღეს ავტომობილი იპოვეს, რამდენჯერმე გაიარეს, თუმცა არაფერი შეუმჩნევიათ.
„უკანა სავარძელზე იყო. ვერც მივედი. ისეთ დღეშია, ისეთი ფერი აქვს, რომ ადამიანი ვერ უყურებს. სოფელში არავის იცნობდა. ამ გზაზე ბევრჯერ გაგვივლია, ვინ მოიფიქრებდა, რომ აქ რაღაც იყო. ნაკვალევთან დაკავშირებითაც ეჭვი მეპარება, ჯერ საკითხავია რა იქნება. გვამი ცოტა დიდი ხნის ჩანს“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
ის ეჭვობს, რომ მომხდარის მიზეზი თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურთან არის დაკავშირებული.
„ეჭვი მაქვს სამსახურზე, ყოველდღე, ახალი წლის შემდეგ, ბავშვი სახლში მოდიოდა უხასიათოდ სამსახურიდან. არ იძახდა სახლში, რაზე მუშაობდა და იმის უბედურებაც ეგ არის. იქნება დავხმარებოდი, თუ რაღაც პრობლემა ჰქონდა, მაგრამ არ მეუბნებოდა. ამ პრობლემამ ჩაითრია ჩვენი ბავშვი, სამსახურიდან მოდის ეს ამბავი. ბავშვი უხასიათოდ იყო, აქ თავისით ბავშვი არ მოვიდოდა. შეიძლება ვიღაც აწუხებდა და არ ეშვებოდა“, - განაცხადა ბაჩალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. არც ადგილობრივებს და არც ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროსთან.