თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილი „ფორმულასთან“ საუბარში ამბობს, რომ გარდაცვლილის მანქანაში გარკვეული რაოდენობის პატარ-პატარა ფურცლები ნახეს მინაწერებით.
ადვოკატის თქმით, მათ შორის ერთერთზე ეწერა - "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ".
მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ფურცლები "თავის მოკვლის წინ ანდერძივით დატოვებულია":
"ძალიან ბევრი პატარა წერილია, პატარა ფურცლებია, არ არის დატოვებული ანდერძივით, თითქოს თავის მოკვლას აპირებდა. პატარა ფურცლებზეა ჩანიშნული, გამოიყენეთ ანაბარზე თანხა, ესეცაა დაწერილი. ვის მიმართაა დაწერილი, გასარკვევია. ყოველდღიურად რომ წერ, ეგეთი წერილებია. მაგის კალიგრაფიაც გასარკვევია“, - აცხადებს რამიშვილი.
მისი თქმით, გარდაცვლილს ჩანთაში წამლის ორი ცარიელი ფირფიტა ჰქონდა.
„ორი ფირფიტა გახსნილია და ცარიელია და ჩანთაში დევს, სადაც რაღაცები იდება. პატარა ფირფიტებია. ზურგჩანთის მსგავსი იყო, შიგნით იყო კოსმეტიკური ჩანთა და იქ იდო ფირფიტები. როცა ადამიანი თვითმკვლელობას აპირებს, წამლის ფირფიტებს ყრის. რომელი წამლის ფირფიტები იყო, ვერ გეტყვით, ყველაფერი ილუქება ახლა და ექსპერტიზაზე იგზავნება“, - განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.